ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა და ამასთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენელთა პოზიციის არ ქონა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შეიძლება მოხდეს ლარის "კუპონიზაცია" და განხორციელდეს ბ-ნ ბენდუქიძის ოცნება – მისი მიმოქცევიდან ამოღების შესახებ, ასეთი განცხადება გააკეთა დღეს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ.
"აფბა" ქვეყნისა და მისი ეკონომიკისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურების საგანგაშო პროცესს უაღრესად სახიფათოდ მიიჩნევს.
”ეროვნული ვალუტის დასუსტება, მის მიმართ ნდობის დაკარგვა და, ფაქტობრივად, მიმოქცევიდან ამოღება შეიძლება შეფასდეს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის მოშლა. ეროვნული ვალუტის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, არის იმავე მნიშვნელობის მოვლენა, როგორიც გახლდათ რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და შიდა ქართლის ოკუპირება და საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება”, აცხადებენ ასოციაციაში.
”დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი, უპირველეს ყოვლისა, არის ინფლაციური პროცესების მასტიმულირებელი, რადგან ლარის გაუფასურებით ძვირდება იმპორტირებული პროდუქცია, ჩვენი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში კი იმპორტს 75% უკავია. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის დასუსტება პირდაპირ იწვევს ბაზარზე ფასების ზრდას”.
”ლარის გაუფასურებით გამოწვეული პანიკა ადგილობრივ ბაზარზე ახშობს მოვლენების პროგნოზირების საშუალებას, შესაბამისად, ფასები დგინდება მაქსიმალური რისკების გათვალისწინებით. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების ღირებულება იმაზე მეტი პროცენტით გაიზრდება, ვიდრე ეროვნული ვალუტა გაუფასურდება. მეწარმეები იძულებულნი არიან გაცილებით მაღალი მოგების მარჟაზე იმუშაონ, რათა არაპროგნოზირებადი კურსის გამო არ დაზარალდნენ”.
”ფასების ტოტალური ზრდა, კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობას. ამ ადამიანების ძირითადი შემოსავალი ეროვნულ ვალუტში მიღებული შემწეობა და პენსიაა, შესაბამისად, შემცირდება იმ პროდუქტის ჩამონათვალი, რომელთა შეძენაც მათ შეეძლებათ. შექმნილი მდგომარეობა, ერთი შეხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ერთი კატეგორიისთვის უნდა იყოს სასარგებლო – ადამიანები, რომლებიც ნათესავებისა და ახლობლების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული ფულით ცხოვრობენ. მართალია, ამ თანხით უფრო მეტი ეროვნული ვალუტის შეძენას შეძლებენ, მაგრამ ლარის გაუფასურების შედეგად გამოწვეული, მაღალი ინფლაციის გამო, მათი რეალური შემოსავლები შემცირდება. ამით კი ხელისუფლებასთან შეზრდილი მაფიური ბიზნესკლანები იხეირებენ”.
”ეროვნული ვალუტის გაუფასურება სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ ბიზნესს. როგორც ცნობილია, ბიზნესკრედიტების უდიდეს ნაწილი, დაახლოებით 80-85% გაცემულია აშშ დოლარში. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხი აშშ დოლარში აქვთ აღებული უხდებათ გაცილებით მეტი ლარის გადახდა, ვიდრე კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. რადგან ამ ადამიანების შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში არ გაზრდილა, აშშ დოლარის გაძვირება მათ საქმიანობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს”.
”შექმნილ სიტუაციაში გაკვირვებას იწვევს ეროვნული ბანკის პოზიცია. საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ არის პასუხისმგებელი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. ინსტიტუციურად მხოლოდ ამ სტრუქტურას შეუძლია ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენის მოხდენა. მისი დუმილი და პრობლემის არაღიარება კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და თესავს პანიკას. სებ-ის ეს პოზიცია, კიდევ უფრო გასაკვირი ხდება იმ ფონზე, როდესაც ამ სტრუქტურის ბოლო პერიოდის გამოხატული პრიორიტეტი საქართველოში დედოლარიზაციის პროცესის გაძლიერებაა. დღეს არსებულ სიტუაციაში, როდესაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იკარგება ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა, ეროვნული ბანკის მიერ დედოლარიზაციის პროცესის ხელშესაწყობად დახარჯული თანხა წყალში გადაყრილია.”
”შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ყოველი წუთი გადამწყვეტია, საქართველოს ეროვნული ბანკის დუმილი აძლიერებს ეჭვებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელოვნურად ხდება და ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ინტერესი.
აღსანიშნავია, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება, რათა ბიუჯეტში ბიზნესისგან გაცილებით მეტი გადასახადი შევიდეს და ამით მოხდეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში არსებული ხარვეზების დაფარვა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტიორ კომპანიებს მოგებას უზრდის, შესაბამისად, ისინი გაცილებით მეტ თანხებს იხდიან ბიუჯეტში. ამასთან, ლარის გაუფასურება აძვირებს იმპორტს, შესაბამისად, იმპორტიორებს პროდუქტი უძვირდებათ, რაც თანხობრივად ბრუნვას უზრდის ამ კომპანიებს, შესაბამისად, ისინიც ბიუჯეტში მეტ თანხებს შეიტანენ. სხვა საკითხია აღნიშნული ფინანსური რესურსი, რამდენად მსყიდველობით უნარიანი იქნება. შესაძლებელია, ლარის გაუფასურების შედეგად ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხები შევიდეს, მაგრამ ეს პროცესი ქვეყანაში არსებულ მთელ ფინანსური რესურსის გაუფასურებას გამოიწვევს.
ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რამდენიმე კუთხით შეიძლება დავუკავშიროთ 30 მაისს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს”.
”არჩევნებმა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გადაიარა მსხვილი ბიზნესის მხრებზე. სახელისუფლებო ძალების მიერ არჩევნების მოსაგებად დახარჯული ფულის უდიდესი ნაწილი სწორედ მსხვილმა ბიზნესებმა გაიღეს. შესაბამისად, დღეს მას ხელისუფლება საშუალებას აძლევს, ამოიღოს ეს ფული. ეროვნული ვალუტის გაუფასურება იმპორტიორებს პროდუქციას უძვირებს, მაგრამ ამ პროცესისგან გამოწვეული ინფლაცია მათ სერიოზულ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ კროს-კურსებზე საკმაოდ დიდი რაოდენობის მოგების მიღების შანსია, როდესაც ესა თუ ის ფიზიკური ან იურიდიული პირი წინასწარაა ინფორმირებული კურსის ცვლილების შესახებ, ვალუტით ვაჭრობით ძალიან მარტივად შეუძლია მაღალი მოგების მიღება”.
”ამ ეჭვს ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორედ პარასკევს დაამთხვია აღნიშნული კურსის ცვლილება, რამაც ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუქტები გაუგებრობაში აღმოჩნდნენ, რადგან მომდევნო სავალუტო ვაჭრობა მხოლოდ ორშაბათს იყო დაგეგმილი”.
”ასევე, ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ხუთშაბათს, 3 ივნისს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ერთ კომერციულ ბანკს 145 მლნ. ლარის, 7 დღიანი, წლიურ 5,2%-ად სესხი მისცა, რაც უნიკალური შემთხვევაა ბოლო 2 წლის მანძილზე. ამხელა თანხა სებ-ს ერთ ბანკზე ჯერ არ გაუცია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ეს თანხა გავიდა სავალუტო ბაზარზე, დოლარის შესაძენის მიზნით და ეროვნული ბანკის ჩაურევლობის შემდეგ ლარის კურსიც დაეცა. ხოლო 7 დღის შემდეგ ამ თანხის დაბრუნება მოხდება ეროვნული ბანკისთვის, მაგრამ ბანკი კურსის ცვლილების გამო საკმაოდ სოლიდური თანხას მიიღებს.
`აფბა~ მოუწოდებს ეროვნული ბანკს არ მოახდინოს ლარის სწრაფი გაუფასურება, რომ არ მოხდეს მყისიერი ნეგატიური ასახვა მოსახლეობაზე და სავალუტო ბაზარზე არ გამოიწვიოს არასტაბილურობა. თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარდაუვალია, მაშინ ეს პროცესი ნელა და დროში გაიწელოს, რაც შეამცირებს მოსახლეობაზე უარყოფით ზეგავლენას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი მარტო ვერ შეძლებს ამ პროცესის გამკლავებას, საჭიროა მთავრობის ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობა”.
`აფბა~ მოითხოვს გააკეთონ განმარტებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ფინანსთა მინისტრმა და პრემიერმა. ”აუხსნან საზოგადოებას, რის გამო შეიქმნა სავალუტო ბაზარზე პანიკური სიტუაცია და მისცენ მოსახლეობას გარანტიები, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მინიმალურ სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებს”, ნათქვამია განცხადებაში.
Discussion about this post