The FINANCIAL — ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ დაადასტურა ცნობა ქართული ფილიალის – ბანკ რესპუბლიკის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ. წინასწარი შეთანხმება აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ ჯგუფ შპს ხინჯიანგ ჰუალინგთან (ჰუალინგ ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოში გაფორმდა. შერწყმის შემდეგ სოსიეტე ჟენერალს 8% დარჩება.
ცნობა ბანკის საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ The FINANCIAL-მა 2 თვის წინ გაავრცელა, თუმცა იმჯერად სოსიეტე ჟენერალის წარმომადგენელმა ის არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო. ჰუალინგ ჯგუფი მსხვილი კერძო კონგლომერატია, რომელიც ჩინეთის ხინჯიანგის რეგიონში მდებარეობს. ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია და ძირითადად მ|ს ჩინეთში. “აღნიშნული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ჰუალინგ ჯგუფის საბანკო ფრთის გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე ჯგუფის ბიზნეს-პორტფელში”, განაცხადა ბანკმა.
ტრანზაქციის პირობების თანახმად, ჰუალინგ ჯგუფი მოახდენს ბანკ რესპუბლიკის შერწყმას მის მფლობელობაში მყოფ ბაზისბანკთან და შექმნის უნივერსალურ ბანკს, რომელიც მყარად დაიმკვიდრებს მესამე ადგილს ბაზარზე, დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით, 250,000 კლიენტით, 61 ფილიალით და დაახლოებით 1,300 თანამშრომლით.
შერწყმის შემდეგ, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალს“ ახალ გაერთიანებულ საბანკო ინსტიტუტში დაახლოებით 8% წილი ექნება და დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს პარტნიორი. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია გაივლის ბანკ რესპუბლიკის და ბაზისბანკის ფინანსურ შემოწმებას, საბოლოო კონტრაქტზე მოლაპარაკებას და შესაბამისად საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას, ასევე რეგისტრაციას ჩინეთში.
Discussion about this post