სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტი წარუდგინა, იტყობინება რადიო თავისუფლება.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის წინადადებაა, ნახევარი წლის განმავლობაში აიკრძალოს რუსული ნავთობის და წლის ბოლომდე – ნავთობპროდუქტების იმპორტი. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების ეს პაკტი მაქსიმალურად აძლიერებს რუსეთზე ზეწოლას და ამასთან, ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვა პარტნიორებს აძლევს ალტერნატიული წყაროებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
AFP და dpa ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსული ნავთობის აკრძალვის მიუხედავად, გამონაკლისი დაიშვება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებიც მეტად არიან დამოკიდებული რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე.
ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტით, საერთაშორისო სისტემიდან, SWIFT-იდან გათიშავენ რამდენიმე რუსულ ბანკს, მათ შორის უმსხვილეს „სბერბანკ“-ს. ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვასაც. გარდა ამისა, ფართოვდება სანქცირებული ფიზიკური პირების სია. მათ შორის იქნებიან უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირის მქონე რუსი სამხედროები. სააგენტო AFP წერს, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პატრიარქ კირილესაც.
კონკრეტული პირების ჩამონათვალი და ახალი სანქციების დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ევროკომისიის წინადადებებს მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო და დოკუმენტი ოფიციალურად გამოქვეყნდება ევროკავშირის ჟურნალში.
Discussion about this post