ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროსაბჭოს, რომ უკრაინას მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის პრეზიდენტმა ისიც განმარტა, რომ ამისთვის უკრაინამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა უნდა განახორციელოს.
როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროპულ საბჭოს, პირველ რიგში, რომ უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და მეორეც, რომ უკრაინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს უნდა გაკეთდეს იმის გაგებით, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
უკრაინამ ასევე შეავსო და ევროკომისიას წარუდგინა კითხვარი, რომელიც შეიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს, რომლითაც შეფასდება უკრაინის მზადყოფნა მიეღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, ასევე უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება.
ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.
კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინში იმყოფება საქართველო და მოლდავეთიც.
Discussion about this post