უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკიდან. გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მიზეზად ის დაასახელა, რომ უკრაინა უფრთხილდება თავის სამხედროებს და ხალხს.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია და მოვა დღე, როცა იმავეს იტყვიან დონბასზე.
3 ივლისს, დღისით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უპატაკა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციამ“ ქალაქ ლისიჩანსკსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე “სრული კონტროლი დაამყარეს” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია“.
3 ივლისს, საღამოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ “მძიმე ბრძოლების შემდეგ”, უკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკში პოზიციები დატოვეს. გენშტაბის განცხადებით, არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და ცოცხალი ძალის მხრივ, მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის პირობებში, ლისიჩანსკის დაცვის გაგრძელება საბედისწერო შედეგებს მოიტანდა, ამიტომ, უკრაინის დამცველთა სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყდა ქალაქიდან უკან დახევა.
ლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, “დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად”.
Discussion about this post