ომის დროს ხშირად ამბობენ, რომ მედია და, განსაკუთრებით, ტელევიზია ომის აგენტები არიან. თითქმის ოცი წლის განმავლობაში მედიაისტორიკოსები აცხადებდნენ, რომ ომი არის ყველა მედიის მამა და რომ თანამედროვე მედიის ისტორია არის თანამედროვე ომის ისტორია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ისტორიებს ისე გადმოსცემდნენ, როგორც მოძრავ ფოტოებს თეატრში. გადამღები ჯგუფები ძირითადად არასაბრძოლო ტერიტორიაზე რჩებოდნენ და ომის მხოლოდ დადებით კონტექსტში გაშუქებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. რეპორტიორები ცუდ ამბებსაც კი ხალისიანი განწყობით აუწყებდნენ საზოგადოებას.
მეორე მსოფლიო ომთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულად აშუქებდნენ ტელევიზიები ვიეტნამის ომს (1955-1975 წწ), რომელსაც პირველი სატელევიზიო ომი უწოდეს. ოპერატორები თითქმის მუდმივად საბრძოლო ზონაში იმყოფებოდნენ, ყოველდღიურად აშუქებდნენ, წერდნენ ისტორიებს ველზე.
ზოგადად, ტელევიზიის ეპოქა სწორედ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანიის პოლონეთში შეჭრამდე ოთხი თვით ადრე, 1939 წლის 30 აპრილს დაიწყო ნიუ იორკის მსოფლიო გამოფენის პირდაპირი ეთერით. ამ დროისთვის სულ რამდენიმე ასეული მოწყობილობა (ტელევიზორი) არსებობდა და მხოლოდ ერთი, “RCA”-ს ექსპერიმენტული სადგური “W2XBS” ნიუ-იორკში. პირდაპირ ეთერში პრეზიდენტ რუზველტის სიტყვა და სხვა, ამ დღესთან დაკავშირებული, აქტივობები გაშუქდა. მომდევნო დილას კი ნიუ იორკის უნივერსამებში ტელევიზორები გაიყიდა და ტელევიზორის ეპოქაც დაიწყო.
ისტორიას რომ გადავხედოთ, სამაუწყებლო ქსელები კრიზისის დროს ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, რაც მათ რეიტინგზე დადებითად მოქმედებდა. მაგალითად, ერაყის ომის პერიოდში ახალი ამბების მაყურებელთა რიცხვმა 300%-ით მოიმატა, რის შედეგადაც “Fox News“-ს თავისი აუდიტორია მილიონზე ოდნავ მეტი მაყურებლიდან 5 მილიონ-ნახევრამდე გაეზარდა.“CNN“-ის მაყურებელმა 3.3 მილიონს მიაღწია, ხოლო “MSNBC”-მ თავის აუდიტორია გააორმაგა.
ახალი ამბების სატელევიზიო პროგრამებზე მიჯაჭვულობის თუ მათი რეიტინგის ზრდის ტენდენცია შეინიშნება თანამედროვე ეპოქაშიც, მაგალითად, რუსეთის უკრაინაში შეჭრა. რუსეთ-უკრაინის ომმა სატელევიზიო ახალი ამბებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების მიმართ საზოგადოების ყურადღება გაზარდა და მაყურებელთა რიცხვმა ომამდელ პერიოდთან შედარებით მოიმატა, “Fox News-ი არხების ლიდერი გახდა, ხოლო “CNN”-ის ტელეყურება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2022 წლის 23-დან 27 თებერვლამდე მთელი დღის განმავლობაში “Fox News”-ს საშუალოდ 2,32 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც 64%-ით მეტია იანვრის თვის ახალ ამბებთან შედარებით. “CNN”-ის იანვრის აუდიტორია კი 633 000-დან 1,75 მილიონამდე გაიზარდა, რაც 178%-ანი ზრდაა, ხოლო “MSNBC” -ს მაჩვენებელი 980,000 იყო ამ პერიოდისთვის, რაც 51%-ით მეტია იანვართან შედარებით.
ზემოხსენებული მაჩვენებლები ავლენენ იმ ტენდენციას, რომ “CNN”-ის რეიტინგი განსაკუთრებული მოვლენების პერიოდში – მაგალითად, როგორიცაა რუსეთის უკრაინაში შეჭრა – იზრდება, ხოლო მისი კონკურენტები მშვიდობიან პერიოდებში უფრო მეტი სტაბილურობითა და რეიტინგის უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
ომამდელ პერიოდთან შედარებით გაიზარდა პოლიტიკური თოქ-შოუების რეიტინგიც. “MSNBC”-ზე “The Rachel Maddow Show”-მ (1,7 მილიონი მაყურებელი) და “The Last Word with Lawrence O’Donnell”-იმ (1,6 მილიონი მაყურებელი) ომამდელი რეიტინგების ტენდენციებს გაასწრეს. “ABC’-ის “World News Tonight with David Muir“-ი კი 8.778 მილიონი მაყურებლით ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ იყო მთელ სატელევიზიო სივრცეში 28 თებერვლისთვის.
ამერიკაში ახალი ამბების ყურების მაჩვენებლის ზრდა მარტის თვეშიც გაგრძელდა. მაგალითად, მარტში საკაბელო ახალი ამბების ყურება თებერვალთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და მისმა წილმა 21% შეადგინა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ამბების გაშუქებით იყო გამოწვეული. ასევე, პირდაპირმა ტრანსლაციებმა მარტში აჩვენეს სრული სატელევიზიო მოხმარების ყველაზე მაღალი წილი და ყურების დროის 30% დაიკავეს.
მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა ქართულ სატელევიზიო სივრცეშიც. ქართული არხების ნაწილი მაყურებელს საინფორმაციო გადაცემებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების უწყვეტ ეთერს სთავაზობდა, რაც მათ რეიტინგზე დადებითად აისახა. “ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებამ აჩვენა, რომ “CNN”-ის მსგავსად, „მთავარი არხი“-ს, „ტვ პირველი“-ს, „ფორმულა“-ს რეიტინგი განსაკუთრებული მოვლენების პერიოდში იზრდება, თუმცა სხვა ტელეარხები, მაგალითად, „იმედი“, მშვიდობიან პერიოდებში უფრო მეტი სტაბილურობითა და რეიტინგის უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან (24.02.22-20.03.22) ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ხანგრძლივობამ მთლიან სატელევიზიო სივრცეში 20%-ით მოიმატა, მაყურებლის მხრიდან კი ამ ჟანრის სატელევიზიო გადაცემების ყურება 109%-ით გაიზარდა. ასევე, ომამდელი პერიოდისგან განსხვავებული ქცევა შეინიშნება ახალგაზრდა აუდიტორიის მხრიდან, რომლებმაც ტელეეკრანებთან საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების საყურებლად მეტი დროის გატარება დაიწყეს. მაგალითად: 18-დან 44 წლამდე კაცების ყურების მაჩვენებელმა 95%-ით მოიმატა, ხოლო ამავე ასაკის ქალების ყურების მაჩვენებელს 100%-იანი ზრდა ჰქონდა. აღნიშნული ჟანრის გადაცემების ყურება გაიზარდა როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. თბილისში 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდში, აღნიშნული ჟანრის ყურება 77%-ით, ხოლო რეგიონებში 75%-ითაა მომატებული ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით.
ტელევიზიები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, საეთერო ბადეში გაცილებით მეტ დროს უთმობდნენ ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებებსა და პოლიტიკური შინაარსის თოქ-შოუებს. მაგალითად: „რუსთავი 2“-ზე ეთერშიაღნიშნული ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობა 76%-ით გაიზარდა, ხოლო ყურების მაჩვენებელი – 103%-ით. საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური ჟანრის თოქ-შოუების ყურების მაჩვენებელი „ფორმულაზე“ 150%, ხოლო „ტვ პირველზე“ 112%-ით არის გაზრდილი. „მთავარ არხზე“ ეთერში საინფორმაციო ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობამ 64%-ით მოიმატა, ხოლო საინფორმაციო გამოშვებების ყურების მაჩვენებლმა 94%-ით. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, საინფორმაციო გამოშვებების ხანგრძლივობა ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე 51%-ით გაზარდა, აღნიშნული ჟანრის ყურებამ კი არხზე 63%-ით მოიმატა. საინფორმაციო ჟანრისა და თოქ-შოუების ხანგრძლივობა საზოგადოებრივ მაუწყებელზეც გაიზარდა (67%), რამაც ამავე ჟანრის ყურების მაჩვენებლის 51%-იანი ზრდა განაპირობა.
Discussion about this post