ყაზახეთი ტრანსკასპიური მარშრუტით ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციას ახდენს. ამის შესახებ ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საკითხზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებსაიტზე.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციას მნიშვნელოვან ამოცანა უწოდა. ამასთან დაკავშირებით ტოკაევმა შესაბამის სამსახურებს დაავალა შემუშავდეს ტრანსკასპიური მარშრუტის განსახორციელებლად საუკეთესო ვარიანტი და მოხდეს ორი ნავთობსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ევროპისთვის ნავთობის მიწოდების პრიორიტეტად ტრანსკასპიური მარშრუტი დაასახელა -რომელიც რუსეთის გვერდის ავლით მიაწვდის ნავთობს ევროპას. ტოკაევმა განცხადება გაავრცელა ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ოფშორული ტერმინალის 30 დღით შეჩერების ბრძანება გასცა.
ყაზახური ნავთობი ტრანსკასპიური მაგისტრალით საქართველოზეც გაივლის რაც დამატებით შემოსავალს მისცემს ქვეყნის ბიუჯეტს. ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე ლოგისტიკურ მხარეებზე საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპაში ყაზახური და ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ტრანსპორტირებისთვის მზად არის.
ამასთან, ყაზახურმა მხარემ საქართველოზე გამავალ დერეფანში ტვირთბრუნვის გაზრდის სურვილი გამოთქვა და როგორც მათ განაცხადეს, 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2 მლნ-დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს. მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი გაიზრდება.
Discussion about this post