საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდმა, სოციალური მედიის საშუალებით, საზოგადოებას შეკითხვების დასმა შესთავაზა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვიდეოებში ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს რუისი თქვენ მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას პასუხობენ.
• რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის და რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხელი შეუწყოთ?
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი: ბევრი თქვენგანი გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას კითხვები დაგესვათ – რაც 2023 წლის დეკემბერში შემოგთავაზეთ, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისთვის და დაგარწმუნოთ, რომ ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხებთ.
დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება.
საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა.
ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს.
თეონამ ასევე იკითხა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, წვლილის შესატანად საქართველოს მიზნის მიღწევაში – ერთ დღეს ევროკავშირის ნაწილი გახდეს. თეონა, ევროკავშირის ღირებულებებისადმი თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა წინ მიმავალი გზაა. როგორც თქვენ ამბობთ, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
• შეუძლია თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გააუმჯობესოს შრომითი უფლებები საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაუადვილოს?
ჰერჩინსკი: ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოების, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების და მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერის საშუალებით.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს.
ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს – როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს.
• ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს როგორ უწყობდა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას კიდევ უფრო მეტად როგორ გააძლიერებს?
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან ძლიერია და 30 წელზე მეტი ხნის მჭიდრო პარტნიორობას ეფუძნება. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი საერთაშორისო დონორია.
ევროკავშირის ყველა პარტნიორს შორის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ უმაღლესი დონის დახმარებას იღებს და ამჟამად ჩვენ ყოველწლიურად საქართველოს მისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად 85 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრებს ვაძლევთ.
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე მოახდინა საჯარო და კერძო ინვესტიციების სახით 1,9 მილიარდი ევროს მობილიზება ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად როგორც საქართველოში, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, ადამიანებს ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და ფიზიკურად აკავშირებს, საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით ასევე მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წყალობით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდა გაგრძელდება, რადგან საქართველო თავის კანონმდებლობას, კანონებსა და სტანდარტებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან აახლოებს. ევროკავშირთან მეტი დაახლოებით, საქართველო ევროკავშირის მომავალზე ორიენტირებული კანონმდებლობისგან სარგებელს მიიღებს ბევრ სფეროში, როგორიცაა ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ და მრავალი სხვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზის, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით.
• გააცოცხლებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სოფლის მეურნეობას და დაეხმარება თუ არა საქართველოს სოფლის მოსახლეობას?
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია.
ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ შესაძლოა დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რომ სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს.
საქართველოს ასევე შეუძლია ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს.
საქართველოს შეუძლია ისარგებლოს სოფლის განვითარების ინიციატივებით, რადგან ევროკავშირი სოფლის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ შეიძლება მიიღოს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და სოფლად ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად, ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას. გაწევრიანების პროცესმა უნდა წაახალისოს საქართველო, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობიანი აგროეკოსისტემების განვითარებას, რაც სოფლის მიმზიდველობას შეინარჩუნებს, ფერმერებისთვის სამართლიან შემოსავალს და ასევე სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
უფრო მეტიც, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ხშირად იღებენ მხარდაჭერას სასწავლო და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამებისთვის, რომლებიც ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ამ სფეროში პოლიტიკის შემქმნელების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამან შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციას და ეფექტიანობას ხელი შეუწყოს.
ეს ყველაფერი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას დაეხმარება. და თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პროდუქციის ხარისხს, მოუთმენლად ველი, რომ უფრო მეტი ეს პროდუქცია ევროკავშირის მაღაზიების თაროებზე დავინახო.
• დაეხმარება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას?
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს რუისი: ევროკავშირს კარგად ესმის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესახებ ბევრმა თქვენგანმა იკითხა.
პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია.
ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს – მმართველ პარტიას და ოპოზიციას – პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს. არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ამიტომ შეთანხმების საკითხია, ეს ეროვნული მიზანი როგორ იქნება მიღწეული. ჩვენი მუშაობის გამოცდილება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ, არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, როდესაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსი არსებობს.
9 ნაბიჯს რომ შეხედავთ, თითოეული მათგანის შესრულება, დეპოლარიზაციას იწვევს: საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით დაწყებული, დასრულებული დეზინფორმაციასთან ბრძოლით და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფით, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
ყველა ეს ნაბიჯი უნდა განხორციელდეს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში წინ წაიწიოს. ვიმედოვნებთ, რომ მთელი საზოგადოება ამ ამოცანას სერიოზულად მოეკიდება.
• როგორ ეხმარება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ინტერნეტში რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში?
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს რუისი: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლა ევროკავშირის გზაზე საქართველოს 9 ნაბიჯიდან პირველია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს.
დეზინფორმაცია კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ თანმიმდევრულად და მრავალი მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფაქტების შემმოწმებლების, აკადემიური წრეების, მედიისა და სხვა ძირითადი აქტორების მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერდა და გააგრძელებს საქართველოში დეზინფორმაციისა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქტივობების მხარდაჭერას. ჩვენი ძალისხმევა ეხმარება საქართველოს საზოგადოების სიფხიზლის და მედეგობის გაძლიერებას და ხელს უწყობს მიდგომას, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას, სადაც ყველას თავისი როლი აქვს.
დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ძირითადი ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობებს ვაძლიერებთ და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებით, როგორებიცაა მთავარი ფაქტების შემოწმება, მედია წიგნიერება და ციფრული წიგნიერება. ეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის თემატური ტრენინგების საშუალებით კეთდება, მათ შორის ახალგაზრდებისა და უმცირესობებისთვის; ასევე მასწავლებლებისთვის და სხვა ძირითადი გამავრცელებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების მეშვეობით.
ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას და თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებლებთან საინფორმაციო სივრცის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით შესავსებად და მცდარი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე აქტიურად ურთიერთობენ საქართველოს საზოგადოებასთან, რომ ევროკავშირის, გაფართოების პროცესის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
ევროკავშირისკენ სვლის პროცესში, საქართველოს სჭირდება სრულყოფილი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის სექტორთაშორისი და გაზომვადი სამოქმედო გეგმა მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმებით.
დეზინფორმაციასთან ბრძოლა როგორც ეროვნული, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხია.
ვიდეო პასუხების ნახვა შესაძლებელია გვერდზე: EU4GEORGIA
Discussion about this post