„ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება მის ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფებებსა და ღირებულებებს“,- წერია განცხადებაში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის ამოქმედება სერიოზულად დააზიანებს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას, ძირს გამოუთხრის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ლანდშაფტს. აქვე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ, კანონის შემობრუნებით, ქართველი ხალხის სურვილები არ გაითვალისწინა და „უგულებელყო“ პარტნიორების მოწოდებები.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ხალხისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული პირობა. მათ [ხელისუფლებამ] მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები. საქართველო გზაჯვარედინზე დგას“,- წერია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.
26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ ხალხს, რომელმაც „გაბედულად გააპროტესტა [კანონის შემობრუნება]“, სოლიდარობას უცხადებს და მათ „მისწრაფებებს მხარდაჭერას უცხადებს“.
„ქართველმა ხალხმა ისევ და ისევ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო – ევროკავშირში და ნატოში,“- წერია განცხადებაში.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა, მანამდე, „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს აღნიშნეს, რომ „ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, საქართველოს პოზიტიური მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს“. ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები დანანებით ამბობენ, რომ ქვეყანა, რომელიც როდესღაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ჩემპიონი იყო, დღეს „უკრაინას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.”
“ნატოსთან მიმართებაში, ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია რჩება და საქართველოს შეუძლია გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ეს კარი არ უნდა დაიხუროს. თუმცა, ნაბიჯები რომლებიც მიღებულია “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ, არ ეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კუთხით და არ ეხმარება ქვეყანას, გააგრძელოს ნატოსთან დაახლოების პროცესი. ეს ასევე არ ეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. პირიქით, ეს ნაბიჯები აფერხებს ამ პროცესს,”- ამბობს ჯონათან კაცი, “ბრუკინგსის ინსტიტუტიდან”.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და არ მიიღონ, ე.წ. “აგენტების კანონი”, რადგან ეს ხელს შეუშლის ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ჯონ ჰერბსტი „ატლანტიკური საბჭოდან” ამბობს, რომ კანონის მიღებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
“მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხი ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მოწინავე საკითხებს შორის იქნება და ვიტყოდი, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე, ეს შეცდომა იქნებოდა.. ნატოს წევრი რომ გახდე, უნდა ააშენო შენი დემოკრატია და არ უნდა დაშალო ის ისე, როგორც ივანიშვილი იქცევა. არ მგონია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს მომავალზე ზრუნვა იყოს”, – ამბობს ჰერბსტი “ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს.
ნატოს საიუბილეო სამიტი 9 ივლისს დაიწყება და მას ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაი უმასპინძლებს. მოსალოდნელია, რომ სამიტზე, უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი განისაზღვროს.
Discussion about this post