“ამერიკა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებების, ასევე ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, ქართველი ხალხის სურვილს.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა უკვე გამოაცხადა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შესახებ. ამის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა…
დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში სავიზო აკრძალვებს ვაწესებთ ათეულობით პირზე და მათ შორის, ოჯახის წევრებზე, მათზე ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლებაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე, სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაშინებაზე და მიზანმიმართულად, დეზინფორმაციის გავრცელებაზე.
სანქციების ამ პირველ ნაკადში, მოიაზრებიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტის წევრები, ოჯახის წევრები, პოლიცია და კერძო პირები”,- განაცხადა მილერმა.
მილერის თქმით, სავიზო შეზღუდვებში ამ ეტაპზე 20-30 ადამიანი მიაზრება და რომ ეს მხოლოდ პირველი ტრანშია. მილერის თქმით, ამერიკას იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკას გადახედავს, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ “ამერიკა მზადაა, რომ დამატებითი ზომები მიიღოს”.
მილერს არ დაუკონკრეტებია იმ პირთა ვინაობა, ვისაც სანქციები შეეხება, თუმცა, მისი განმარტებით, კონკრეტული ადამიანები, ვინც სიაში მოხვდება, შეიტყობენ, რომ მათ ამერიკული სანქციები შეეხოთ.
Discussion about this post