ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში ვიზიტისას ვაშინგტონთან საერთო ენის გამონახვას უშედეგოდ შეეცდება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრას ცდილობდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვაშინგტონმა მოითხოვა პრემიერთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, სანქციების ყოფილი კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრა. ო’ბრაიენმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ „ოცნების“ აღქმებსა და ქმედებებს „რეალობასთან აცდენილი“ უწოდა.
„ქართული ოცნების“ რიტორიკა უკვე დიდი ხანია გაუგებარია საერთაშორისო პარტნიორებისთვის – თავიდან გაკვირვებას იწვევდა, მაგრამ შემდეგ პირდაპირ დეზინფორმაცია უწოდეს.
„ოცნება“ დასავლელ პარტნიორებზე „გლობალური ომის პარტიისა“ და „ოლიგარქიული ძალების“ გავლენაზე საუბრობს.
რას იტყვის?
ირაკლი კობახიძე, მისი ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიო ლიდერებს გაეროს გენასამბლეის ტრიბუნიდან 25 სექტემბერს მიმართავს. მთავრობა წინასწარ არ ასაჯაროებს კონკრეტულ საკითხებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი გაამახვილებს ყურადღებას.
ეკონომიკური განვითარება, რეფორმები და კონტრიბუცია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოს „მნიშვნელოვანი პროგრესი“ აქვს, მისაბაძია სხვა ქვეყნებისთვის და საუბარიც ამ მიმართულებით წარიმართება.
„[საქართველო] ახდენს საკუთარი პროგრესის, რეფორმების ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, – აღნიშნავს ბაქრაძე.
თავად ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შეეხება ყველა თემას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და პრიორიტეტებს.
„ყველა თემას შევეხებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, მის განვითარებასთან, ამისთვის იქნება ეს პლატფორმა გამოყენებული“, – აცხადებს პრემიერი.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ კობახიძის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმება იქნება – ანუ ის, რასაც აგვისტოს ომის შემდეგ თბილისისგან დაჟინებით მოითხოვდა მოსკოვი.
სწორედ ეს მოითხოვეს სოხუმიდანაც, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ბოდიშის მოხდის ხმაურიანი ინიციატივით გამოვიდა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა, კრემლი ლობირებს თბილისის მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას ცხინვალსა და სოხუმთან – რასაც თბილისი მათი დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფას ქმედებად განიხილავდა და შესაბამისად – უარს აცხადებდა. თბილისი წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ ასეთი დაპირება მოსკოვს დაედო.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის სავარაუდო გეგმას, რაც თავად პრემიერის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია, „გამოცხადებული ღალატის ქრონიკასა“ და „საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებაზე ხელის მოწერას“ უწოდებს.
„ახლა გამოდის, რომ თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უმაღლესი ტრიბუნიდან კეთდება განცხადება, რასაც კრემლი წლების მანძილზე ითხოვდა. ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა და საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებაზე ხელის მოწერა“, -ბოკუჩავა იხსენებს ასევე, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წელს [გაეროს ტრიბუნიდან] დადო ზეპირი დაპირება – ძალის არგამოყენების შესახებ, რაც „არის შემბოჭველი საერთაშორისო სამართალში“.
ექსპერტების დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ საგარეო ენა ყოველთვის შედარებით რბილი იყო და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შიდაპოლიტიკურ სარბიელზე გავრცელებული მესიჯებისგან, თუმცა არავინ იცის რა იქნება ამჯერად – საერთაშორისო პარტნიორებთან მკვეთრად დაძაბული ურთიერთობების ფონზე.
ბოლო პერიოდში თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა, აშშ-მა ურთიერთობების საყოველთაო გადახედვაც გამოაცხადა და დაფინანსების შეჩერება დაიწყო. აშშ-ის ხელისუფლებამ საფინანსო სანქციები და სავიზო შეზღუდვები უკვე დაუწესა საქართველოს 100-მდე მოქალაქეს, ხოლო 20 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე მზად არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში დასაწესებელი სანქციებიც.
ბოლოს თბილისმა ვაშინგტონი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და ურთიერთობების გადახედვითაც დაემუქრა.
„არჩევნებს ატარებს ამერიკის მაღალჩინოსნები საქართველოში, ოპოზიციის მაგივრად – ეს არის რეალობა. კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა“, – უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. თუმცა სისულელე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ – თბილისი აშშ-დან ელჩის, დავით ზალკალიანის გამოწვევას გეგმავს.
ვის შეხვდება ირაკლი კობახიძე?
დავით ბაქრაძის თქმით, აშშ-ში, „მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან“.
თუმცა თავდაპირველ ოფიციალურ განცხადებაში კონკრეტულ პირთა შორის დასახელებულია მხოლოდ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.
ასევე ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ ირაკლი კობახიძე „მონაწილეობას მიიღებს “მომავლის სამიტში”, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება“ და – „მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება“.
„მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმთემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნისგანვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო“, – დღის მიწურულს, მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრის განცხადება გაავრცელა.
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრას ცდილობდა და შუამავლობით დახმარებისთვის ისრაელის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ პრემიერ-მინისტრს მიმართა.
„მე ამას ისე ხომ არ ვამბობ?! იქიდან [ისრაელის მთავრობიდან] მაქვს ინფორმაცია, შოკირებულები იყვნენ უბრალოდ რა. სრული თავხედობაა. ისრაელის მიმართ ისეთ არამეგობრულ ნაბიჯებს დგამენ და ამ ფონზე კიდევ თავხედობა რომ გყოფნის – ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელს სთხოვო შუამდგომლობა“, – გვეუბნება გია ხუხაშვილი და ისრაელის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯად – ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტს განიხილავს, სადაც ის „ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული“.
გია ხუხაშვილს ეეჭვება, რომ შექმნილ დაძაბულ ვითარებაში – „ქართულ ოცნებას“ ვინმე უშველის და ფიქრობს, რომ „არც ბიძინა ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამერიკასთან რამეს დაალაგებს“, მაგრამ „კობახიძეს ახლა სჭირდება სურათი – ე.წ. კარწინკა – შეხვედრის ფაქტი სჭირდება“, რათა შექმნას აღქმა, რომ ურთიერთობები მომავალში მაინც დალაგდება.
2023 წელს, სხვადასხვა დროს, ჯეიკ სალივანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდნენ. ღარიბაშვილმა სალივანს განსაკუთრებული მადლობაც გადაუხადა, როგორც გამოკვეთილ მხარდამჭერს „ქვეყნის წარმატების ევროპულ გზაზე“. „ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად“, – ეწერა ოფიციალურ ცნობაში, 2023 წლის სექტემბერში, სალივანთან ღარიბაშვილის შეხვედრისას. ახლა კი, ვაშინგტონი ევროინტეგრაციის შეჩერებას სწორედ „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ვაშინგტონის მოთხოვნით დაიგეგმა ირაკლი კობახიძის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, სანქციების ყოფილ კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიენთან. შეხვედრა კობახიძის გაეროში გამოსვლამდე ჩაინიშნა.
მაისში, თბილისში მყოფი ჯიმ ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრიდან გაოცებული გამოვიდა, ხოლო მანამდე, მას შეხვედრაზე უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილმა. მიზეზად, კობახიძემ, გლობალური ომის პარტიის მიერ ივანიშვილის ორი მილიარდი დოლარის ხელში ჩაგდება, გაყინვა და დე ფაქტო სანქციების დაწესება დაასახელა.
ო’ბრაიენმა თქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო სექტემბერში, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „რეალობასთან აცდენა“ უწოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს – მისი სანქცირების შესახებ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოლო პერიოდშიც აქტიურად იმეორებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქცირებულია და ამატებენ იმასაც, რომ სანქცირება ივანიშვილს ვერ შეაშინებს.
25 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილია ორპარტიული კანონპროექტის, „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს – დემოკრატიული პროცესებისთვის პრობლემების შემქმნელი თანამდებობის პირებისთვის და ასევე – სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
„ქართველი ხალხის აქტი” ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ინიციატივითა და ავტორობით შეიქმნა. თბილისში ჩამოსულ სენატორს ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა. ხოლო ირაკლი კობახიძის საუბარში სენატორმა ურთიერთობების გაგრძელების სურვილი ვერ დაინახა.
„ქართული ოცნების“ რიტორიკა უკვე დიდი ხანია გაუგებარია საერთაშორისო პარტნიორებისთვის. რაც თავიდან მათ გაკვირვებას იწვევდა, ახლა კი პირდაპირ დეზინფორმაციას უწოდებენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერების და მათ შორის – ირაკლი კობახიძის მესიჯები ხშირად დამაბნეველია ექსპერტებისთვის საქართველოში
„ოლიგარქიულმა ძალებმა…“
აშშ-ის ხელისუფლებამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, მათ შორის – პოლიციის ორ მაღალჩინოსანს, ხოლო სავიზო შეზღუდვები – კიდევ 60-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს.
პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ კი თქვა, რომ, „ვარაუდზე მეტით“, ეს ზომები აშშ-ის ხელისუფლებას არ მიუღია და გადაწყვეტილება „ოლიგარქიული ძალების“ ზეგავლენის შედეგია:
„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის [ბაიდენის] ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება მე ასე მგონია და მგონია, მთელი ქართული საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“.
„აქ დამნაშავე არის არა [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ სამწუხაროდ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის, სამწუხაროდ, სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში“.
ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო დეპარტამენტიდან უპასუხეს, რომ – აშშ-ში, „მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით“, გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხელისუფლება იღებს.
„ოლიგარქიულ ძალებში“ „ოცნება“, სავარაუდოდ – „გლობალური ომის პარტიას“ გულისხმობს, რომელსაც მანამდე ასევე აშშ-ისა და ევროკავშირის სახელმწიფო სტრუქტურების მართვას მიაწერდა.
ტერმინი – „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც ბევრს უკვე ეცინებოდა – თანდათან ქრება მმართველი პარტიის ლექსიკონიდან და მას სხვა სინონიმები ანაცვლებს.
კობახიძე ამავე გავლენიან ძალას მიაწერს ასევე:
2008 წლის აგვისტოს ომის დაკვეთას;
საქართველოში არაერთი რევოლუციის მოწყობის მცდელობას;
მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას.
მაისში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯიმ ო’ბრაიენს გლობალური ომის პარტიის შესახებ, მხოლოდ 30% გაუმხილა, რადგან საქმე სახიფათო ძალას შეეხება.
მაშინ გაჩნდა კითხვა – თუკი გლობალური ომის პარტია აშშ-ის ოფიციალურ სტრუქტურებს თავის ჭკუაზე მართავს, რატომ უნდა იგებდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ინფორმაციას ირაკლი კობახიძისგან?!
არასოდეს კონკრეტდება „გლობალური ომის პარტიისა“ თუ „ოლიგარქიული ძალების“ შემადგენლობა – არცერთი სახელი და გვარი.
ამავე ძალებს მიეწერებათ არჩევნებში ჩარევაც.
„ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენისმოხდენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ის დაწესებულ სანქციებსა და აკრძალვებზე ლაპარაკობდა. აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრისას მან ასევე აღნიშნა, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კობახიძე ამბობს, რომ აშშ-სთან ექნებათ „მაქსიმალურად ჯანსაღი, კონსტრუქციული კომუნიკაცია“, რათა „ჯანსაღი ურთიერთობები“ მომავალი წლიდან აღდგეს.
და რამდენად შესაძლებელია ეს ბრალდებების ფონზე – მათ შორის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით?
„ეს არჩევნებიც დასრულდება, ომიც დასრულდება უკრაინაში და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მთლიანად ურთიერთობების გადატვირთვაზე – ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, – ასეთია კობახიძის პასუხი.
მკვლელობის მუქარა
მაისში, ირაკლი კობახიძემ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მკვლელობის მუქარაში დაადანაშაულა. ხოლო ივლისში, მუქარას გაფრთხილება უწოდა.
„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის გეგმასთან დაკავშირებით სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფონზე, პრემიერმა თქვა, რომ ევროკომისრის „გაფრთხილება იყო ზოგადიშინაარსის“ და ივარაუდა ისიც, რომ ვარჰეისგან მაშინ მოსმენილი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა.
მოგვიანებით – წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში – საზოგადოებამ დაჯავშნული შუშის მიღმა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხილა და გაჩნდა შეკითხვა: თუკი მუქარა ზოგადი ხასიათის იყო და მხოლოდ ივანიშვილი არ იგულისხმებოდა, რატომ არ იცავს სახელმწიფო სცენაზე ასულ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს?!
ირაკლი კობახიძე ამბობდა ივლისში, რომ ივანიშვილის მკვლელობა „გლობალურ პოლიტიკურ ძალებს“ სურთ.
რა ხერხია ეს?
საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ „ოცნება“ კარგად ცნობილ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს იყენებს.
„პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში, პოლიტიკურ ტექნოლოგიებში არის ასეთი ტაქტიკა – საზოგადოებას ხშირად შესთავაზო რაც შეიძლება დიდი და რაც შეიძლება უფრო მეტად აბსურდული ტყუილი – იმისთვის, რომ თანდათან დააჯერო. თუმცა ამისთვის აუცილებელი პირობაა, რომ საზოგადოებას აღიქვამდე მასად და არა კრიტიკული უნარის მქონე საზოგადოებას. ამით კარგად ჩანს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საკუთარ მოქალაქეებთან, საკუთარ ამომრჩეველთან“, – ფხალაძის თქმით, ახალ-ახალი აბსურდების სიმრავლე ქმნის სურათს, როდესაც „ტყუილების გაბათილებასაც კი აზრი ეკარგება“:
„შეიძლება შავზე თქვან თეთრიაო და მერე თქვან, რომ თეთრი საერთოდ არ არსებობს. ვიდრე გააბათილებ ერთ მითს, უკვე მეორეს ამოაგდებენ, სწრაფად“.
სახიფათო ზღვარზე
17 სექტემბერს, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ტექსტში არის მკაფიო გაფრთხილება – აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ, რომელიც ბევრმა მუქარად აღიქვა.
მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, პირადი პატივისცემის დადასტურებით, ირაკლი კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ სანქციების დაწესებით „მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“. კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ კი, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.
„ცხადად პრორუსული კურსის აღებაზე არიან ორიენტირებული და საფუძველს ამზადებენ, მინიმუმ საკუთარ ელექტორატში აჩენენ აღქმას, რომ იძულებული არიან ეს გეზი აიღონ, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება ამერიკის შეერთებული შტატები. ნიადაგს ამზადებენ კურსის კარდინალური ცვლილებისთვის“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე. ის დარწმუნებულია, რომ „თუკი „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლო, ამ მიმართულებით ცხადი ნაბიჯები გადაიდგმება“.
მუჩაიძე აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციისა და ურთიერთგამომრიცხავი, აბსურდული ინფორმაციის მძლავრი ნაკადი „ოცნებას“ სწორედ საგარეო კურსის ცვლილების შესანიღბად ესაჭიროება.
„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული მოქმედები, აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების მსგავსი განცხადებები არ ეხმარება საქართველოს და საქართველოს ხალხს“, – უთხრა 18 სექტემბერს ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის “პანკისის სტიგმა”. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.
Discussion about this post