საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის უფროსი მრჩეველი საუდის არაბეთში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად გაგზავნა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ისინი ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას, სავარაუდოდ, სამშაბათს გამართავენ.
ცნობილია ის ფაქტი რომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთში უკვე ჩავიდა, სადაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის სამშვიდობო მოწესრიგების შესახებ პირველი მოლაპარაკება გაიმართება. რუბიო, სავარაუდოდ, უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას, რომელშიც, მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი შედიან.
„შეხვედრა სავარაუდოდ სამშაბათს გამართება. ძირითადი ყურადღება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას დაეთმობა. ასევე, საუბარი დაეთმობა უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ შესაძლო მოლაპარაკებების მომზადებას და ორი პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზებას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებაში უკრაინის წარმომადგენლები.
მარკო რუბიომ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცდილობს, უკრაინისა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეების მონაწილეობით შექმნას პირობები უფრო ფართო დიალოგისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირამ და დღემ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება პუტინი ამ საკითხს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინთან ბოლო სატელეფონოო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივი დასრულების შესახებ.
საუდის არაბეთში ვიზიტის დროს რუბიო, სავარაუდოდ, ღაზაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზეც იმსჯელებს. Reuters-ის თანახმად, დღის წესრიგში იქნება ტრამპის წინადადება, ღაზის პალესტინელი მცხოვრებლების სხვა არაბულ ქვეყნებში, “ბევრად უფრო უსაფრთხო და ლამაზ არეალებში” გადასახლების შესახებ.
Discussion about this post