ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეიძლება ხელი მოაწეროს საპრეზიდენტო განკარგულებას, რომლითაც თავის ადმინისტრაციას დაავალებს უსაბუთო მიგრანტების კუბაზე, გუანტანამოს ყურეში გადაიყვანოს, წერს ამერიკის ხმა.
გუანტანამო, რომელიც კუბაში მდებარეობს და აშშ-ის სამხედრო ბაზაა განლაგებული, ცნობილია როგორც სამხედრო ტყვეების და ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების ადგილი. ამ ციხეში სასჯელს იხდიდნენ თალიბანის წევრების და იმ პირები, ვინც 9/11 თავდასხმაში იღებდა მონაწიელეობას.
ტრამპმა თქვა, რომ მისი ბრძანებულება თავდაცვის და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტებს დაავალებს ამერიკული სამხედრო ფლოტის ბაზა 30,000 მიგრანტის დასაკავებლად მოამზადონ.
„ზოგიერთი მათგანი იმდენად ცუდია, რომ სხვა ქვეყნებს ვერც ვანდობთ მათ დაკავებას, რადგან არ გვინდა ისინი უკან მობრუნდნენ. ამიტომ მათ გუანტანამოზე გავგზავნით“, თქვა ტრამპმა. „ეს ჩვენს შესაძლებლობებს დაუყოვნებლად გააორმაგებს და ის ძნელი, თავის დასაღწევად ძნელი ადგილია“, დაამატა პრეზიდენტმა.
ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა იმ დროს, როდესაც ლეიკენ რაილის კანონპროექტს ხელი მოაწერა და ის კანონად იქცა. კანონპროექტს სახელი 22 წლის სტუდენტის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც მომავალი ექთანი იყო და და გასულ წელს უსაბუთო ვენესუელელმა იმიგრანტმა მოკლა. კანონის მიზანია გააფართოოს ფედერალური მთავრობის მანდატი იმიგრანტების დასაკავებლად, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებიან.
ტრამპის ე.წ. „საზღვრის მეფე“ ტომ ჰომენმა, რომელსაც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების კონტროლი აქვს ჩაბარებული, თქვა, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობას უკვე დაევალა უკანონო იმიგრანტების ზღვაში შეჩერება. „მათ შეუძლიათ ისინი პირდაპირ გუანტანამოს ყურეში გადაიყვანონ“, თქვა ტომ ჰომენმა.
Discussion about this post