გაერო კენჭს უყრის რუსეთის გარიცხვას ადამიანის უფლებათა საბჭოდან

5 mins read

შეერთებული შტატების ინიციატივით, დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კენჭს უყრის რუსეთის გარიცხვას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. ამის მიზეზია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაფიქსირებული “ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები”, იტყობინება ამერიკის ხმა.

ინიციატივის დამტკიცებისთვის საკმარისი იქნება 47-წევრიანი საბჭოს ხმების 2/3. თავშეკავებულთა ხმები არ ჩაითვლება. ბოლო ქვეყანა, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს, იყო ლიბია. ეს ნაბიჯი 2011 წელს მოამარ კადაფის ლიდერობით დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების მასობრივ გამოყენებას მოჰყვა.
დასავლეთის დიპლომატები დარწმუნებულნი არიან, რომ 193-წევრიანი გენერალური ასამბლეა მოსკოვის გარიცხვას მხარს დაუჭერს. რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია “ღრმა შეშფოთება მიმდინარე ადამიანის უფლებების დარღვევის და ჰუმანიტარული კრიზისის უკრაინაში”, რაც რუსეთის ქმედებების უშუალო შედეგია.

შეერთებული შტატების ამ ინიციატივის თაობაზე განცხადება პირველად ორშაბათს გაკეთდა. ამერიკის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა მაშინ თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთს ვუთხრათ: “არ ვაპირებთ მოგცეთ იმის უფლება, რომ გააგრძელოთ ასე დაუსჯელად მოქმედება და თან თავი ისე მოაჩვენოთ, თითქოს პატივს სცემთ ადამიანის უფლებებს”.

რუსეთმა პასუხად გააფრთხილა ქვეყნები, რომ რეზოლუციაზე ხმის მიცემას, ან თავის შეკავებას “არამეგობრულ ნაბიჯად” ჩათვლის და ამას ორმხრივ ურთიერთობაზე გავლენა ექნება. აღნიშნული წერილი საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა” ნახა.

რუსეთი ბრალდებებს დღემდე უარყოფს. მოსკოვი 24 თებერვალს დაწყებულ უკრაინაზე ხელმეორე თავდასხმას, რომელიც გაცილებით უფრო ფართომასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს განხორციელებული ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრა, “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინის “დენაციფიკაციაა”, კრემლის განმარტებით – “ნაციონალისტური” მთავრობის ჩამოცილება.

READ  მთავრობა ბორჯომის რუს მფლობელს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება

კომენტარის დატოვება