გამოცემა New York Times ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დასახმარებლად ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჩრდილოკორეელი სამხედროები მიღებული მძიმე დანაკარგების გამო ბრძოლის ველიდან უკან გაიყვანეს, წერს ტაბულა
მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინელ სამხედროებს უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რაც კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი სამხედროები აღარ შეუნიშნავთ.
New York Times-ის მიხედვით, უკრაინელი მაღალჩინოსნები წერენ, რომ მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელი სამხედროები ძლიერი სამხედროები არიან, თუმცა არაორგანიზებულობამ და რუსულ დანაყოფებთან ერთსულოვნების ნაკლებობამ მათ რიგებში დანაკარგების გაზრდა გამოიწვია.
ამასთანავე, ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროებისა და მაღალჩინოსნების თქმით, ველზე გამოჩენის შემდეგ, ჩრდილოკორეელი სამხედროები მარტო მიატოვეს და ისინი ჯავშანმანქანებისა და გადაჯგუფებების, ან უკან დახევის, გარეშე მიიწევდნენ წინ.
მანამდე, 23 დეკემბერს, სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს დამატებით სამხედროებითა და შეიარაღებით, მათ შორის, კამიკაძე დრონებით, დაეხმაროს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 5 ნოემბერს პირველად განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს.
თუმცა, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ორი დღის შემდეგ აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს უკვე იყენებენ.
Discussion about this post