აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყებამ“ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს უპასუხა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების პოზიტიურად შეფასების შემდეგ. ლავროვმა თქვა, რომ „მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს“.
„გვინდა, ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ამჟამად არ არსებობს. ამიტომ, წინასაარჩევნო რბოლის დროს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ და სხვა მითური ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ“, – წერია აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
დამატებით განმარტავენ, რა შემთხვევაშია „მომავალში მეზობელ საქართველოს სახელმწიფოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა“:
„საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.
გუშინ, 29 სექტემბერს, მმართველი პარტიის გენერლაურმა მდივანმა თქვა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა:
„[სერგეი ლავროვის] აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად – ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია“.
რამდენიმე საათით ადრე კი, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით. ამ განცხადებაში ხაზგასმული იყო „მეზობლობა“.
„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ ასეც თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგებაო“, ხოლო რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, მათ შორის რაღაც კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუკი იქნება ყველა მხარის ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველსაყოფისთვის… დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დაგეხმაროთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გაიმართა.
2024 წლის 14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, საზოგადოება გამოძებნის ძალას, რათა ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
Discussion about this post