“ამ ეტაპზე კონსენსუსი არ არის… ადგილზე ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს”, – უთხრა მაკრონმა პარიზში შეკრებილ ჟურნალისტებს.
განცხადება მაკრონმა 26 თებერვალს, გვიან საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად გააკეთა. პრესკონფერენცია მას შემდეგ გაიმართა, რაც მაკრონმა პარიზში უკრაინის მხარდაჭერის მიზნით შეკრებილ, დასავლეთის ქვეყნების 20 ლიდერს უმასპინძლა.
მოგვიანებით, საფრანგეთის პარლამენტში განმარტება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. “ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ქმედებები უკრაინის მხარდასაჭერად. ეს უნდა პასუხობდეს ძალიან კონკრეტულ საჭიროებებს, მე განსაკუთრებით გამოვყოფდი ნაღმებისგან ტერიტორიის გაწმენდას; კიბერთავდაცვას; ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე, იარაღის წარმოებას”, – განუცხადა ფრანგ კანონმდებლებს სტეფან სეჟურნემ.
კრემლმა საპასუხო განცხადება მეორე დღესვე გაავრცელა. მოსკოვის თქმით, მსგავსი ნაბიჯით ნატოსა და რუსეთს შორის უშუალო კონფლიქტი “გარდაუვალი” გახდება.
მაკრონის კომენტარი შესაძლოა პრეცედენტი გახდეს და საფუძველიც ჩაუყაროს რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის პირისპირ მყოფ უკრაინაში დასავლეთის კიდევ უფრო დიდ ჩართულობას. თუმცა, იმავდროულად ჩნდება უკრაინასთან დაკავშირებით დასავლურ მტკიცე ერთობაში ბზარის შეტანის რისკიც.
მაკრონის განცხადებიდან მალევე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში საკუთარ ჯარს არ გააგზავნის. მაკრონის კომენტარს ასევე სწრაფად გაემიჯნნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნები, მათ შორის: გერმანია, ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი და ჩეხეთი.
Discussion about this post