ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მარტში ქართულმა ბანკებმა სულ 4,112 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 378 მილიონ ლარს შეადგენდა, წერს bm.ge
ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი კი 15%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბანკები საშუალოდ უფრო ნაკლებ იპოთეკებს გასცემენ ვიდრე გასულ წელს, თუმცა საშუალო იპოთეკური სესხის ზომა კი გაიზარდა.
კერძოდ, 2024 წლის მარტში საშუალო იპოთეკის ზომა 73 ათასი ლარი იყო, ხოლო 2025 წლის მარტში გაცემული იპოთეკური კრედიტის საშუალო მოცულობა 92 ათას ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 25.5%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული მატება სავარაუდოდ, ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით არის განპირობებული.
იპოთეკური დაკრედიტების პორტფელის ზრდის დაბალი ტემპის გამო, 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა მინიმუმ 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
კიდევ ერთი ცვლილებით ასევე მარტივდება ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგანაც უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან ნაცვლად, 20%-მდე მცირდება.
სებ-ის თანახმად, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ლარის იპოთეკური სესხების განაკვეთი 11.86%-ია, რაც წლიურად 0.09 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
Discussion about this post