მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რეალურია- აცხადებს რუსეთი

5 mins read

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არსებობს მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხე. უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუმცა, ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ზელენსკის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იტყობინება ევრონიუსი.

სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ უკრაინის პოზიციას ვაშინგტონში, ლონდონსა და დასავლეთის ქალაქებში განსაზღვრავენ. რუს ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აზრი არ აქვს ზელენსკის გუნდთან საუბარს და მათ ამერიკელებთან უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები იმისთვის, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ. თუმცა სერგეი ლავროვის თქმით, მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდება იმ გუნდთან, რომელიც ზელენსკიმ წარადგინა და ეს კავშირი არ შეწყდება. რაც შეეხება ამერიკელებს, როგორც ლავროვი აცხადებს, მოლაპარაკების გამართვის ინტერესს ისინი ჯერჯერობით არ იჩენენ.

კიევში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა მოლაპარაკებებს ომი არჩია, რადგან გასულ უქმეებზე რამდენიმე ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავდა. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ, რომ რუსებმა უკრაინაში ვეღარ გაძლონ და უკან დაიხიონ.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინიც კი, ვინც ღიად არ უჭერდა მხარს, ახლა თანხმდებიან, რომ უკრაინაში ევროპის, გლობალური უსაფრთხოებისა და დემოკრატიული სისტემის ბედი წყდება.

უკრაინის აღმოსავლეთში ომის ესკალაციის პარალელურად, რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინული სამხედრო ინფრასტრუქტურა და შეაფერხოს უცხოეთიდან გაწეული სამხედრო დახმარება.

93-ე ბრიგადის პრესოფიცერი ირინა რიბაკოვა ამბობს, რომ რუსები ქაოსურად ბომბავენ მთელ სოფელს. ჯერ რკინიგზას ესვრიან, შემდეგ ინდუსტრიულ შენობებს, ბოლოს კი საცხოვრებელ სახლებს.

რკინიგზის სადგურებზე თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორშაბათს რუსეთის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ მართვადი იარაღის გამოყენებით გაანადგურეს რკინიგზის ექვსი ობიექტი.

READ  პუტინს იმედი აქვს რომ დასავლეთი დაიღება რუსეთ-უკრაინის ომით

კომენტარის დატოვება