კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-ის კითხვას, არის თუ არა შანსი, რომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ვლადიმირ პუტინი ჩავიდეს, უარყოფითად უპასუხა. “არა.” – თქვა პესკოვმა, წერს ტაბულა.
თურქეთში ჩავიდა უკრაინის პრემიერმინისტრი, ანდრიი სიბიგა. CNN-ი წერს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას აპირებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტს აქამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ სტამბოლში რუსეთის დელეგაციიდან პუტინის გარდა არავის დაელაპარაკებოდა. როგორც CNN-ი წერს, ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, ჩავიდეს თუ არა სტამბოლში მოლაპარაკებებზე.
ამერიკული მედიის ცნობით, მოლაპარაკებებს დაესწრება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი, ასევე სტივ უიტკოფიც. თურქეთში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, ის ანტალიაშია და NATO-ს საგარეო მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრას ესწრება. ტრამპმა აქამდე თქვა, რომ მოლაპარაკებებს რუბიოც დაესწრება.
მოლაპარაკებები 15 მაისის დილას უნდა დაწყებულიყო, თუმცა შემდეგში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო და ის დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
გასულ დღეს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი.
11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზე. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.
Discussion about this post