რუსი სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. საქართველოში ვიზიტს ადასტურებს სატელეფონო საუბარში ნახსენები მეორე პირი დავით ხიდაშელიც.
25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.
გავრცელებული ჩანაწერს გამოეხმაურა უკრაინული მხარე და ამერიკის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა.
მართველი პარტიის წევრები გავრცელებულ ჩანაწერს მონტაჟს უწოდებენ და მიზანად ქვეყანაში არეულობას ასახელებენ.
თავად ვლადიმერ ევტუშენკოვმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
“მე ივანიშვილს დაბადების დღე მივულოცე, ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან Fake-ია. ალი უზდენოვი საქართველოში იყო, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის – მგონი, მარტში. მიზანი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და არც არასოდეს მქონია საქმიანი ურთიერთობა მასთან” – ამბობს საქნცირებული რუსი ოლიგარქი.
საქართველოში ალი უზდენოვთან ერთად ვიზიტს ქართველ ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც ადასტურებს, თუმცა მისი განცხადებით ის პრემიერ მინისტრს არ შეხვედრია.
დავით ხიდაშელი, “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. რამდენიმე დღის უკან ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელს რაჭაში 49 წლით 104 000 ჰეტარ ტყის მასივი გადაეცა. ტელეკომპანია „იმედი“ ბიზნესმენის განცხადებას აქვეყნებს სადაც ის ამტკიცებს, რომ საქართველოში ალი უზდანოვთან ერთად პრემიერ მინისტრს არ შეხვედრიან და მათ ბიზნეს სექტორთან ჰქონდათ შეხვედრა.
აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს საუბარი ხორბალს ეხება. ევტუშენკოვი ივანიშვილს მის წარმომადგენელთან შეხვედრას სთხოვს . ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის წარმომადგენელთან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის რეკომენდაციას იძლევა თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვისაც მზად არის.
Discussion about this post