„3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 არის ბავშვი. ბოლო დროს საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა მარიუპოლიდანაა. ეს მოქალაქეები, მტრის ტერიტორიის გავლით, ძალიან რთული გზით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძებნად“, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის გამოხატული მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.
„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ გახდა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანაავტორი“, – განაცხადა კასიანოვმა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 160-ზე მეტი ბავშვია მოკლული.
Discussion about this post