ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა Twitter-ზე განაცხადა.
„მინდა დავადასტურო, რომ სლოვაკეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 გადასცა. უკრაინელი ხალხი გაბედულად იცავს თავის სუვერენულ ქვეყანას და ჩვენი ვალია დავეხმაროთ, არ დავდგეთ განზე და არ უგულებელვყოთ რუსული აგრესია“, – აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, სლოვაკეთმა S-300 სისტემა უკრაინის მოთხოვნით გადასცა, გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად.
ჰეგერმა თავის ფეისბუქზე ვიდეო მესიჯიც გამოაქვეყნა S-300-ების უკრაინაში გადაცემის შესახებ. ჩანაწერი კიევში მოგზაურობისას მატარებელში გაკეთდა. რამდენიმე საათის წინ სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის S-300 კომპლექსის გადაცემა არ ნიშნავს იმას, რომ სლოვაკეთი შეიარაღებული კონფლიქტის ნაწილი გახდა.
„ასევე გარწმუნებთ, რომ სლოვაკეთი დაცულია და უახლოეს დღეებში გაძლიერდება ჩვენი მოკავშირეების დამატებითი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ ადრე განაცხადა, რომ ბრატისლავა მზადაა მიაწოდოს უკრაინას S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემები, თუ ის მიიღებს ღირსეულ ალტერნატივას.
მარტის ბოლოს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგდა სლოვაკეთში.
ნაგიმ აღნიშნა, რომ სლოვაკეთს ასევე შეუძლია უკრაინაში საბჭოთა წარმოების MiG-29 გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა, თუ ნატო სლოვაკეთს ამერიკული F-16-ებით მიაწვდის.
Discussion about this post