30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, თბილისში “თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელია “ფონდი ქართული გალობა“ და „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი – ნათია ჩხარტიშვილი.
“თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” წელს პირველად იმართება. მისი მიზანია მსოფლიოში ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაცია, კერძოდ, ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების გამოვლენა და მხარდაჭერა.
“ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა ამ ფესტივალში მონაწილეობა და იმ კულტურული მონაპოვარის გაზიარება, რაც ლექსო თორაძემ შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის და მუსიკალური სამყაროსთვის. ამ ფესტივალით საუკეთესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი” – განაცხადა “ფონდი ქართული გალობის” დამფუძნებელმა ნანა გოთუამ.
„თორაძის ფონდთან“ არსებული ფესტივალის დაარსების იდეა, ცნობილი ლექსო თორაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის წევრს, ნინო თორაძეს გაუჩნდა.
ინიციატივას თავიდანვე მხარში დაუდგა “ფონდი ქართულ გალობა” ნათია ჩხარტიშვილთან ერთად. ფონდი წლებია არაერთი ცნობილი კულტურული ღონისძიების პარტნიორი და მხარდამჭერია. ხელოვნების სფეროს ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია სწორედ ის ღირებულებაა, რაც ფონდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ნათია, როგორც “სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სამეთვალყურეო გუნდის წევრი, უკვე 12 წელია, სათავეში უდგას ყველა იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც ქვეყნის განვითარებისკენ არის მიმართული.
Discussion about this post