Eagle Hills-მა მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე – ამის შესახებ ირკვევა იმ რენდერიდან, რომელიც Eagle Hills-მა გამოაქვეყნა, წერს BM.GE
კომპანიის რენდერის თანახმად, ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განმკარგავად სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო არის მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს.
ორი პროექტი – თბილისთან 590 ჰექტარი და გონიოში 260 ჰექტარი – საინვესტიციო მოცულობა $6 მილიარდი დოლარი
არაბეთის გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპმენტის კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში $6 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც UAE-ში ქართული “ოცნების” პრემიერის ირაკლი კობახიძის თანდასწრებით შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი თავად Eagle Hills-ის მიერ გამოქვეყნებული რენდერების თანახმად, არ მოიცავს მრავალსართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას და ის საშუალო ზომის ნაგებობებისგან და ვილებისგან იქნება შემდგარი, რომლის ღირებულებაც წინასწარ გაცხადებული გეგმის თანახმად, $6 მილიარდამდე უნდა იყოს. შესაბამისად, საუბარია საშუალო და საშუალოზე მცირე სართულიანობის პროექტებზე, რომელიც ყველაზე მაღალი საფასო კატეგორიის მყიდველებისთვის იქნება გათვლილი.
გამოქვეყნებული რენდერების თანახმად, გონიოში განსახორციელებელი პროექტი მაქსიმუმ 15-16 სართულიანი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, მას ასევე იახტკლუბი ექნება. ამასთან, რენდერებში არაა გათვალისწინებული, რომ გონიოს სანაპირო კენჭიანია და ის ქვიშით არის შეცვლილი.
რაც შეეხება თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტს, რენდერებზე მაღალი ინტენსივობის ნაგებობები არც ამ პროექტის შემთხვევაში არ ჩანს. ამასთან პროექტი მდინარე მტკვარზე C-ს ფორმის ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტი ასევე მოიცავს მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ახალი გამწვანებული ტერიტორიისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტი უმეტესწილად ვილებს დაეთმობა.
Discussion about this post