აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფას, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა. საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან.
“ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვიცავთ და ვატარებთ ამერიკულ ინტერესებს,” ბიძინა ივანიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, აშშ გააგრძელებს იმ პროგრამებისა და საქმიანობების დახმარებას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.
ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის 32 წლის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მოსახლეობამ 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაიღო, რითიც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, სკოლების და საავადმყოფოების აშენებას, მოამზადა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პერსონალი. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
რა განსხვავებაა აშშ-ს კანონსა და საქართველოს კანონს შორის?
აშშ-ს კანონი მიზნად იღებდა ფაშისტურ გერმანიას, მაშინ როდესაც ქართული კანონის ავტორები სამიზნედ არა რუსეთს, არამედ ევროკავშირის და აშშ-ს მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს ასახელებენ, აცხადებს ტედ ჯონასი, ამერიკულ-ქართული ოჯახის წევრი, რომელიც მრავალი წელია თბილისში მოღვაწეობს.
აშშ-ს FARA-ის მიხედვით, უცხოელ აგენტებად არ იწოდებიან შემდეგი პირები და ორგანიზაციები:
- ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები
- პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან შემდეგ საქმიანობას:
- რელიგიური
- საგანმანათლებლო
- აკადემიური
- სამეცნიერო
- სახელოვნებო
- უცხოური მფლობელობის მქონე მედია ორგანიზაციები, რომელთა პოლიტიკა არ არის მართული უცხო ქვეყნის მიერ
- შეერთებული შტატების მოკავშირეები
- ადვოკატები, რომლებიც წარმოადგენენ კლიენტებს სასამართლო პროცესებში
ქართული კანონი არცერთ ასეთ პირს ან საქმიანობას არ ათავისუფლებს. შესაბამისად, ქართული კანონმდებლობით, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, „უცხოელ აგენტებად“ ითვლებიან:
- ქართული ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საქართველოს მოკავშირეებისგან, როგორებიც არიან აშშ, ევროკავშირი, იაპონია და მრავალი სხვა მეგობარი ქვეყანა;
- ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები, რომლებიც დახმარებას უწევენ 650 000 ქართველს, რომლებიც ქვეყნის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან;
- ქართული სამეცნიერო, აკადემიური და სახელოვნები ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ასევე, ქართული რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ;
- მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი პოლიტიკა უცხო ქვეყნის მიერ არაა მართული;
- უცხოური დაფინანსების მქონე არასამეწარმეო სუბიექტები, რომლებიც წარმოადგენენ კლიენტებს ქართულ სასამართლო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
Discussion about this post