ნატოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უარყვეს რუსეთის მიერ პოლონეთის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტი.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთის მიერ არ იყო გასროლილი.
“მე პატივი უნდა ვცე რუსეთის განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვა: “ამ საქმეს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს”. ამის შესახებ ერდოღანმა G20-ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმ დროს როდესაც, ჩვენ ვცდილობთ რუსეთი და უკრაინა ერთ მაგიდასთან დავსვათ, არ არის საჭირო ამ ომში მესამე მონაწილის ძებნა“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ინციდენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც განიხილა და აღნიშნა, რომ „ამ საკითხების დეტალური შესწავლა“ უნდა ჩატარდეს. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული წარმოების“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. ცოტათი ადრე, ბალიში მსოფლიო ლიდერებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ. შშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პოლონეთზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ.
ბაიდენმა “ნაკლებად სავარაუდო” უწოდა იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან იყო გასროლილი.
კითხვაზე, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი, ბაიდენმა უპასუხა:
“არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც სადავოა. სანამ სრულ გამოძიებას არ ჩავატარებთ არ მსურს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ტრაექტორიიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყოს ნასროლი.
15 ნოემბერს ნაშუადღევს რუსეთის ფედერაციამ მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი რაკეტა დაეცა პოლონეთის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ სასწრაფოდ მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს კომიტეტი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტა ჩავარდა.
პოლონეთის პრეზიდენტი დუდას თქმით, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა.
Discussion about this post