ჩინეთი პირობას დებს, რომ აშშ-ს მიერ ტარიფების კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაშიც კი, “ბოლომდე იბრძოლებს”. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, წერს ტაბულა.
“თუ აშშ გააგრძელებს ამ გამწვავებული სატარიფო ზომების მიღებას, ჩინეთი მტკიცედ მიიღებს საპასუხო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. თუ აშშ ამ გზაზე სვლას დაიჟინებს, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს”. – განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერმა.
ამასთან, სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ს ტარიფების გამოყენების გზით ერთგვარ “შანტაჟში” დასდო ბრალი.
“აშშ-ს მხარის მუქარა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს გაამწვავებს, შეცდომაა შეცდომის თავზე, რაც კიდევ ერთხელ ნათელს ჰფენს ამერიკული მხარის შანტაჟის ხასიათს”. – დაამატა პრესსპიკერმა.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი აწ უკვე დაანონსებულ დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს ჩინეთს, პეკინი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 აპრილს ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ 34%-იან ტარიფებს 8 აპრილისთვის არ გააუქმებდა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს
ტრამპის თქმით, თუ ჩინეთი უკან არ დაიხევს, ახალი, 50%-იანი ტარიფები ძალაში 9 აპრილიდან შევა და მოლაპარაკებები მხარეებს შორის შეხვედრის საკითხზე გაუქმდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ბრძანების თანახმად, ჩინურ იმპორტზე დაწესდა უკვე არსებულ ტარიფზე დამატებით 34%-იანი ტარიფი. ჯამში, აშშ-ს მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფი 54%-ს შეადგენს. 34%-იანი იმპორტის გადასახადი ძალაში 9 აპრილს შევა.
საპასუხოდ, ჩინეთმა 4 აპრილს ასევე დაანონსა 34%-იანი ტარიფი აშშ-ს წინააღმდეგ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 7 აპრილს განაცხადა, რომ მუქარები და ზეწოლა ჩინეთთან ურთიერთობის სწორ გზას არ წარმოადგენს. პეკინმა განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ თანაბარ “საპასუხო” ტარიფთან დაკავშირებით გააკეთა და ეს “ეკონომიკურ ბულინგად” შეაფასა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ “საპასუხო ტარიფები” გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული “არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები” დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.
Discussion about this post