ამ შაბათ-კვირას ეს საბოლოოდ მოხდება. ბალტიის სამი სახელმწიფო – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა – 8 თებერვალს გაითიშება IPS/UPS ელექტროგადამცემი ქსელიდან, რომელიც აკავშირებს რუსეთს, ბელარუსსა და რუსეთის ექსკლავს, კალინინგრადს, წერს რადიო თავისუფლება.
მომდევნო დღეს კი ეს სამი ქვეყანა შეუერთდება კონტინენტური ევროპის სინქრონულ ქსელს (ასევე ცნობილია როგორც UCTE ქსელი), რომელიც მოიცავს ევროპის უმეტეს ქვეყნებს, დასავლეთით პორტუგალიიდან აღმოსავლეთით უკრაინასა და თურქეთამდე.
ამ სამი ქვეყნისათვის ეს ისტორიული მომენტია. „ბალტიის სინქრო“ – როგორც ამას ბალტიისპირეთში უწოდებენ – ნიშნავს, რომ ისინი და არა მოსკოვი შეძლებენ უკეთ მართონ და გააკონტროლონ საკუთარი ელექტროენერგიის მიწოდება. ბალტიის რეგიონის დიპლომატები, რომლებსაც მე ვესაუბრე, ამ ნაბიჯს საბჭოთა ეპოქის ბოლო ნარჩენების მოშორებად მიიჩნევენ და მას 1990-იან წლებში საბჭოთა ჯარების გასვლას ადარებენ.
თავდაპირველად „ბალტიის სინქრო“ 2025 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. თუმცა თარიღმა თითქმის 11 თვით გადმოიწია, დიდწილად უკრაინის ომის გამო – ბალტიის ქვეყნებს სურთ თავიდან აირიდონ პოტენციური რუსული ენერგეტიკული შანტაჟი.
ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. ბალტიის ქვეყნებმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადეს, რომ კონტინენტურ ქსელთან შეერთება სურდათ. ოფიციალური განაცხადი ამაზე 2018 წელს გააკეთეს. შარშან კი მათ აცნობეს მოსკოვს და მინსკს, რომ დატოვებდნენ ბრელის შეთანხმებას, რომელიც მათ IPS/UPS-ში აერთიანებდა.
პარალელურად უზარმაზარი მუშაობა იყო გასაწევი. სინქრონიზაცია მხოლოდ ტექნიკურ საქმიანობას არ მოიცავს, ის ასევე იურიდიული პროცესი გახლავთ, უამრავი თანმხლები დოკუმენტითა და მოლაპარაკებებით. „ბევრი რამით პროცესი წააგავს ევროზონაში ან [უვიზო] შენგენის ზონაში გაწევრიანებას“, მითხრა ერთმა ბალტიელმა დიპლომატმა.
ბალტიის ქვეყნები ასევე თავიანთ ინფრასტრუქტურასაც ამზადებდნენ. 1,6 მილიარდი ევრო დახარჯეს, რომლის 75 პროცენტიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოიყო. ეს თანხა საჭირო იყო საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ასაშენებლად, სიხშირის მართვის გასაძლიერებლად, ელექტროქვესადგურების ასაშენებლად და გასაუმჯობესებლად და IT სისტემების გასაახლებლად.
ყველაზე დიდი ხარჯი იყო ბალტიის ენერგოსისტემის მიერთება კონტინენტურ ქსელთან. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ურთიერთდაკავშირების წერტილი არსებობს – LitPol Link, ლიეტუვასა და პოლონეთს შორის. ქვეყნებს შორის კიდევ ერთი დამაკავშირებელი, სახელად Harmony, მზად იქნება 2030-31 წლებისათვის.
ბალტიის ქვეყნები ფინეთსა და შვედეთთან არიან დაკავშირებული. ეს ბმულები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგიის იმპორტისა და ექსპორტისთვის, მაგრამ ისინი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეგრეთ წოდებული „სიხშირის კონტროლისა“ და „დაბალანსების სერვისებისთვის“, რაც ელექტროქსელის მართვის ძირითადი კომპონენტებია. აქ არის კიდევ ერთი საკითხი: შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია და დანიის აღმოსავლეთი ტერიტორიები არ არიან ჩართული კონტინენტური ქსელის ნაწილში. მათ თავიანთი სკანდინავიური ქსელი აქვთ.
ესტონეთი თავდაპირველად ცდილობდა სინქრონიზაციას სკანდინავიურ სისტემასთან, მაგრამ სამმა ქვეყანამ საბოლოოდ კონტინენტური კავშირი აირჩია.
იმ ფაქტმა, რომ სამ ქვეყანას კონტინენტურ ქსელთან შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ LitPol Link დააკავშირებს, შეიძლება პრობლემები შექმნას. 8 თებერვალს IPS/UPS ქსელიდან გათიშვასა და 9 თებერვალს კონტინენტურ ქსელთან სინქრონიზაციას შორის, ბალტიისპირეთი ე.წ. კუნძულის რეჟიმში იქნება. ელექტროენერგია ალბათ არ შეუწყდებათ, მაგრამ გამოწვევა იქნება სიხშირეების მართვა.
დიპლომატმა, რომელიც კარგად იცნობს ამ პროცესს და ანონიმურად დარჩენა ისურვა, მითხრა, რომ 8 თებერვალს დაძაბული ელოდება და, რომ უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი. ვიდრე კონტინენტთან მხოლოდ ერთი დამაკავშირებელი წერტილი იარსებებს, „კუნძულის რეჟიმი“ შეიძლება უფრო ხშირად ამოქმედდეს რემონტის ან ცუდი ამინდის შემთხვევაში.
ბალტიის ქვეყნები ასევე შეიძლება დაუცველები იყვნენ ე.წ. ჰიბრიდული თავდასხმების მიმართ. შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბალტიის რამდენიმე წყალქვეშა მილსადენი და კაბელი გაწყდა ან დაზიანდა. ეჭვობენ, რომ ამის უკან რუსეთი დგას. გარკვეულწილად, ამან ასევე გაამართლა გადაწყვეტილება, რომ ქსელი ხმელეთით დაუკავშირდეს პოლონეთს და არა წყალქვეშ.
ბალტიისპირეთის დიპლომატები, რომლებსაც ვესაუბრე, აცხადებენ, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბოლოდროინდელი ინციდენტები ზღვაზე მოახლოებულ „ბალტიის სინქროსთან“ არის დაკავშირებული. ერთმა დიპლომატმა მითხრა: „რუსები გაღიზიანებულები არიან. მე მხოლოდ ვარაუდები შემიძლია გამოვთქვა, მაგრამ ეს ძველი იმპერიის ინფრასტრუქტურის დემონტაჟია. უკან დასახევი გზა არ არის, დესინქრონიზაცია უნდა მოხდეს“.
ბალტიის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით, რუსეთი და ბელარუსი პროფესიონალურად იქცევიან და წესების მიხედვით თამაშობდნენ ბრელის შეთანხმებიდან გასვლისას. თუმცა სულ არსებობს შიში, რომ კრემლმა შესაძლოა დამოკიდებულება შეცვალოს და მომავალში სხვადასხვა „ჰიბრიდული“ ზომის განხორციელება დაიწყოს.
ბალტიის ქვეყნები თავდასხმების წინააღმდეგ მოწყვლადები არიან. ათასობით კილომეტრი ელექტროგადამცემი ხაზი არსებობს, ასობით ქვესადგური და ყველაფრის დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა ერთმა ბალტიელმა დიპლომატმა ოპტიმისტურად მითხრა: „საკმარისი კავშირები და რეზერვები გვაქვს, რომ “კუნძულის რეჟიმში” მუშაობა მოვახერხოთ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე“.
Discussion about this post