გენერალ ჯონსის თქმით, აუცილებელია, რომ ნატომ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება დროულად გადასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი ჩიხში დარჩება და გაჭიანურდება.
რა მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, რა გავლენას ახდენს ამერიკის არჩევნები და შიდა პოლიტიკა უკრაინის ომზე, როგორ ცვლის ეს ომი ნატოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის არსებულ გამოწვევებს- ამ და სხვა თემებზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე გენერალ ჯონსს ესაუბრა.
გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ჯარების გადმოსახედიდან? რა ეტაპზეა ახლა ომი?
როგორც იცით მე თადარიგში ვარ, ამიტომ ტაქტიკურ სიახლეებს კარგად ვერ ვადევნებ თვალს. მაგრამ ამ სიტუაციის უკრაინის სასარგებლოდ დასრულება აუცილებელია. გასულ წელს საომარი მოქმედებები მუდმივად იცვლებოდა
ახლოდან ვაკვირდებოდი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას და ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემმა ქვეყანამ უკრაინის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს და მაიწოდოს ის შეიარაღება, რაც ამ კონფლიქტში გასამარჯვებლად სჭირდება. ამ მიმართულებით ნამდვილად იმ ადამიანების მხარეს ვარ, რომლებსაც სურთ, რომ გააორმაგონ უკრაინისა და მისი სამხედროების მიმართ მხარდაჭერა.
ვფიქრობ, [უკრაინელები] ყველაზე მეტად ახლა საჰაერო შესაძლებლობების ნაკლებობას განიცდიან, რაც ომის წარმოების კომბინირებულ კამპანიას ერთგვარად შეკრავდა. უკრაინელებმა იციან როგორ უნდა იბრძოლონ, მაგრამ ეს გაცილებით რთულია ადეკვატური საჰაერო მხარდაჭერის გარეშე. ვფიქრობ, ესაა, რაც ახლა წინსვლას აფერხებს.
რა სჭირდება ახლა უკრაინას? ამბობთ, რომ არ მოგწონთ, რა გადაწყვეტილებას იღებს ამერიკა. რა სჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის, რა იარაღი უნდა მიაწოდოს მას ამერიკამ?
ეს მარტო ამერიკა არაა, მთელ ალიანსზეა საუბარი და მნიშვნელოვანია, სწორედ ამის ხაზგასმა. ამერიკის მხრიდან, ან ამერიკაში ზოგიერთების მხრიდან ალიანსის მიმართ ჩვენს ერთგულებაში ეჭვის შეტანა არაა კარგი აზრი. ეს ახალ ამბებში და ზოგიერთისგან კი მიუნხენის კონფერენციაზეც გაჟღერდა.
ახლა ძალიან საშიში დროა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი პუტინი უკრაინაზე გამარჯვებასთან ახლოსაც არ მივიდეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ალიანსმა უკრაინას უნდა მიაწოდოს საჭირო შეიარაღება, მაგალითად შორ რადიუსზე მოქმედი იარაღი, რათა საჭიროების შემთხვევაში უკრაინამ რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებამდეც მიაღწიოს. ასევე უკრაინელებს მოეირიშე თვითმფრინავები სჭირდებათ, რათა საკუთარ საჰარეო სივრცეში უპირატესობა მოიპოვონ.
ამ იარაღის ნელმა მიწოდებამაც კი, გარკვეული როლი ითამაშა უკრაინის ნელ წინსვლაში. ნება მომეცით ისიც ვთქვა, რომ ომის პირველი წელი უკრაინისთვის თავდაცვითი იყო. მეორე წელს მათ თავდასხმაზე გადასვლა გადაწყვიტეს. როდესაც თავდასხმაზე მიდიხარ, იმაზე 2-ჯერ, ან 3-ჯერ მეტი ადამიანი გჭირდება, ვიდრე თავდაცვისას. ასე რომ ესეც ცვლის გარკვეულად სიტუაციას.
თუმცა, ის რაც, არ იცვლება არასდროს ისაა, რომ ამერიკა და მოკავშირეები უკრაინას უნდა აწვდიდნენ ზუსტად იმას, რაც უკრაინას სჭირდება.
ამერიკის არჩევნები და წინა საარჩევნო პერიოდი როგორ გავლენას ახდენს უკრაინაზე და საომარ სიტუაციაზე?
ჩვენმა არჩეულმა ლიდერებმა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ , უკრაინისადმი მხარდაჭერის განზრახვები. ამ მიმართულებით, [ბაიდეინის] ადმინისტრაციამ საკმაოდ კარგად იმუშავა იმის ასახსნელად, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტში გამარჯვება. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, როგორც გლობალური ლიდერისთვის.
ასე რომ, შეძრწუნებული ვარ, როდესაც მესმის, რომ ცალკეული ადამიანები ალიანსის მიმართ ჩვენს ვალდებულებს ეჭვ-ქვეშ აყენებენ. . ვფიქრობ, ეს ბატონ პუტინს აძლევს ხელს და საშუალებას მას გააორმაგოს ძალისხმევა. ეს კი კონფლიქტის გადაწყვეტას უფრო აჭიანურებს.
გასულ წელს, როდესაც თქვენთან ინტერვიუ ჩავწერე, მითხარით, რომ მთავარი გაკვეთილი, რაც ერთწლიანმა ომმა გვასწავლა ის იყო, თუ რა კარგად გაწვრთნილი სამხედროები ჰყავს უკრაინას. ომიდან ორი წლის შემდეგ რა გაკვეთილი ვისწავლეთ?
უკრაინის მხარეს არსებული საჰაერო შესაძლებლობის ნაკლებობა ძალიან დიდი ფაქტორია. ვხედავთ დრონების გაძლიერებულ და ასევე, რუსეთის მხრიდან ნაღმების გახშირებულ გამოყენებას, რაც ყველაფერს გაცილებით ანელებს. ორივე მხარის მდგომარეობა მუდმივად იცვლება.
ვფიქრობ, ახლა არცერთ მათგანს არ ძალუძს ისეთი გადამწყვეტი დარტყმის მიყენება, რომელიც ამ [ომს] ბოლომდე მიიყვანს. მაგრამ, როგორც აქამდე ვთქვი, უმნიშვნელოვანესია, რომ ალიანსმა დროულად მიაწოდოს ის შეიარაღების სისტემები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.
რა გავლენა მოახდინა ამ ომმა ნატოზე? მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ომი დაიწყო, ალიანსი გაფართოვდა. მას ფინეთი შეუერთდა და შევედეთიც იმავე გზას ადგას. გარდა ამისა, ნატო ახლა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს გადის. გვითხარით როგორ შეცვალა, ან იქნებ უფრო გააერთიანა ომმა ნატო?
ნატოს, როგორც ორგანიზაციას, კარგ შეფასებას ვაძლევ. ის წლების განმავლობაში, თავდაცვითი, რეაქტიული პოზიციიდან გადავიდა პოზიციაში, სადაც ევროპის თავდაცვის კონცეფციას რეალურად ხელახლა განსაზღვრავს. სამწუხაროდ, ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს ნატოსთვის აუცილებლობად იქცა. ევროპის დაცვა ახლა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან იწყება და ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
შავი ზღვის რეგიონზე მინდა გკითხოთ. ხშირად გვესმის, რომ ამერიკის ჩართულობა რეგიონში, რუსეთის სამომავლო აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია. ეთანხმებით თუ არა ამ აზრს და რა ტიპის ჩართულობაზე შეიძლება იყოს საუბარი?
ვფიქრობ, შავი ზღვის რეგიონი ევროპის თავდაცვის მოწინავე ხაზის ერთ-ერთი ელემენტი გახდა. ვიცი, რომ [ვაშინგტონში] სხვადასხვა ორგანიზაციები მუშაობენ შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებაზე და მისი მნიშვნელობის ხაზგასმაზე და ცდილობენ გაარკვიონ შავი ზღვის განვითარების გზები, რათა ევროპის დაცვა გაძლიერდეს. ვიცი, რომ შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებიც ამას ძალიან სერიოზულად უყურებენ.
რუსეთი ოჩამჩირეში, აფხაზეთში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნაზე მუშაობს. როგორ ცვლის ეს უსაფრთხოების გამოწვევებს პირველ რიგში, საქართველოსთვის და ასევე შავი ზღვის რეგიონისთვის?
თუ რუსეთს უფლება ექნება, რომ საზღვრების შეცვლა გააგრძელოს ნებისმიერი მიმართულებით, ეს ყველა შემთხვევაში, ცუდი ამბავია. ალიანსი [ნატო] ამას წინ უნდა აღუდგეს. ეს ისევ იმას უბრუნდება, რატომაა უკრაინის გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი.
არ მგონია, რომ რუსეთს უსაზღვრო რესურსები აქვს, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ბევრად მცირეა ჩვენი, ამერიკისა და ევროპული ქვეყნების შიდა პროდუქტთან შედარებით. მართალია, ვლადიმირ პუტინი ახლა საკმაოდ დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს.
ვფიქრობ, ის თვლის, რომ დასავლეთის ნება დროებითია, კონკრეტულად კი ეს უკრაინას ეხება. იმედი მაქვს, რომ ამ შეფასებაში ის ცდება. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორი მესიჯი გააგზავნონ, რათა არ არსებობდეს რაიმე შეკითხვა ალიანსის მისწრაფებებთან დაკავშირებით.
როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2024 წელს ომის მთავარი მიზანი როგორც უკრაინული, ასევე რუსული მხარისთვის? ვიცით, რომ ორივე მხარე მუშაობს ქვეყნის შიგნით შეიარაღების წარმოების საკითხზე. ასევე ორივეს ჰყავს პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც მათ შეიარაღებას აწვდიან. ასევე, თუ შეგიძლიათ, იარაღის მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელობაზეც გვითხარით, ბოლო დროს სულ ისმის კრიტიკა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია.
ალიანსის წევრი ქვეყნების რიცხვის გათვალისწინებით, წესით, უნდა შეგვეძლოს, რომ იარაღის მიწოდების პრობლემა გადავჭრათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა უნდა ნერვიულობდეს იმაზე, როგორ აისახება ეს ომზე.
ფრონტის ხაზს რაც შეეხება, ვფიქრობ მეტ-ნაკლებად ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლაა. რუსები გაამყარებენ თავდაცვით პოზიციებს და უკრაინელები შეეცდებიან მეტი შემტევი იმპულსი მოიპოვონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, იქამდე, ვიდრე ალიანსი არ მიაწოდებს უკრაინას საჭირო შეიარაღებას (და მე საჰარეო შეიარაღება ბევრჯერ ვახსენე), იქამდე, თვეების განმავლობაში [საომარი მდგომარეობა] ჩიხში იქნება.
თუმცა, თუ შევძლებთ, რომ იარაღის სიმცირის პრობლემა გადავჭრათ და ამას საჰაერო შესაძლებლობები დავამატოთ, მაშინ ვფიქრობ, [უკრაინელებს] კარგი შანსი აქვთ, რომ უპირატესობა მოიპოვონ.
ვიცი, რომ ეს არაა მარტივი შეკითხვა, მაგრამ თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორ ფიქრობთ, როგორ და როდის დამთავრდება ეს ომი?
არ მგონია, რომ ვინმეს ამაზე ჯერ პასუხი ჰქონდეს. იმედები და მისწრაფებები გვაქვს, მაგრამ არ მგონია, რომ არსებობს იმის ხედვა, როგორ დასრულდება ომი – სამხედრო, თუ მოლაპარაკებების გზით. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, არც ერთი მხარე არაა მოლაპარაკებებისთვის მზად. ასე რომ ომი გაგრძელდება. ომის გაგრძელების შემთხვევაში კი უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს.
Discussion about this post