გრენლანდიელთა 85%-ს არ სურს მათი არქტიკული კუნძული, რომელიც დანიის ნახევრადავტონომიურ ტერიტორიას წარმოადგენს, შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გრენლანდიისადმი გამოხატულ ინტერესს საფრთხედ აღიქვამს, წერს ამერიკის ხმა.
გამოკითხვა 29 იანვარს “ვერიანმა” გამოაქვეყნა, დანიური გაზეთის Berlingske და გრენლანდიური გაზეთის Greenlandic daily Sermitsiaq დაკვეთით. კვლევის შედეგების მიხედვით, გრენლანდიელთა მხოლოდ 6% ემხრობა მათი კუნძულის შეერთებული შტატების ნაწილად გახდომას, 9% კი ამბობს, რომ ამ საკითხზე აზრი ჩამოყალიბებული არ აქვს.
გრენლანდიას მექსიკაზე დიდი ტერიტორია უკავია, მაგრამ მხოლოდ 57 000-იანი მოსახლეობა ჰყავს. მას ფართო თვითმმართველი ავტონომია 2009 წელს მიენიჭა და აქვს რეფერენდუმის გზით, დანიისგან სრული დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება.
შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვრის დასაწყისში განაცხადა, რომ გრენლანდია ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტრამპის თქმით, დანიამ ვაშინგტონს უნდა დაუთმოს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულზე კონტროლი.
ჩრდილო-დასავლეთ გრენლანდიაში, პიტუფიკის კოსმოსურ ბაზაზე შეერთებული შტატების არმიას მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა ჰყავს. სტრატეგიული მდებარეობის ბაზა ბალისტიკური რაკეტების ადრეული გაფრთხილების სისტემის მოქმედებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, ვინაიდან სწორედ ამ კუნძულზე გადის ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკისკენ მიმავალი უმოკლესი გზა.
ტრამპმა გრენლანდიის დანიისგან შესყიდვის იდეა წინა საპრეზიდენტო ვადაში, 2019 წელსაც გამოთქვა. დანიის ოფიციალურმა პირებმა ამერიკის პრეზიდენტს მალევე უპასუხეს, რომ კუნძული არ იყიდება.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ, რომელიც კუნძულის დამოუკიდებლობის იდეას ემხრობა, ამ წლის დასაწყისიდან მოყოლებული არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება. ეგედე ხაზს უსვამს, რომ კუნძულის მომავალი მხოლოდ გრენლანდიელი ხალხის გადასაწყვეტია.
პარალელურად, დანიამ ორი დღის წინ, 27 იანვარს განაცხადა, რომ 14,6 მილიარდ კრონს გამოყოფს ($2,04 მილიარდი) არქტიკაში საკუთარი სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა 28 იანვარს აღნიშნა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის პრინციპს. მან განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრების შემდეგ გააკეთა.
Discussion about this post