გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სიტყვები გაიხსენა „ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი“ და აღნიშნა, რომ შესაძლოა გერმანია კვლავ აღმოჩნდეს „კედლის მიღმა“
„თქვენ რაღაცნაირად კვლავ აღმოჩნდებით კედლის მიღმა, მაგრამ არა ბერლინის კედლის, არამედ ევროპის შუაგულში, სადაც არის თავისუფლება და ამ კედელს ამყარებს უკრაინის მიწაზე დაცემული ყოველი ბომბი,“- თქვა ზელენსკიმ და მოუწოდა გერმანელ კანონმდებლებს, დაენგრიათ კედელი და დახმარებოდნენ უკრაინას ომის დასრულებაში.
ზელენსკიმ გამოსვლაში აღნიშნა, რომ კედელს საფუძველი მაშინ ეყრებოდა, როცა ბერლინი მოსკოვთან ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებებს მართავდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან მიმართებაში. ზელენსკიმ თქვა, რომ გერმანიამ საკუთარი ნაბიჯებით ხელი შეუწყო უკრაინის იზოლირებას.
„უკრაინა ეცემა ყოველი გადაწყვეტილების გამო, რომლის მიღებაც არ ხდება. ძვირფასო კანცლერო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, შეაჩერეთ ეს ომი. დაგვეხმარეთ ამ ომის შეჩერებაში. მიეცით გერმანიას ლიდერის როლი, რათა თქვენმა შთამომავლებმა იამაყონ თქვენით,“- თქვა ზელენსკიმ.
ბუნდესტაგში გამოსვლის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანელი კანონმდებლები ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით მიესალმნენ. ბუნდესტაგის პალატის ვიცე პრეზიდენტმა კატრინ გერინგ-ეკარდტმა კი თქვა: „თქვენმა ქვეყანამ აირჩია დემოკრატია და სწორედ ამის ეშინია (რუსეთის პრეზიდენტს) ვლადიმირ პუტინს“
გამოსვლის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინელ ხალხს სურს თავისუფლება და არ სურთ დაექვემდებარონ სხვა ქვეყანას. ზელენსკიმ გამოსვლის დროს ასევე თქვა, რომ უკრაინაში რუსული არმიის თავდასხმას უკვე ემსხვერპლა 108 ბავშვი.
Discussion about this post