რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება.
საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში დიმიტრი მედვედევმა უკრაინაში ომის დასრულების ორი ვარიანტები დაასახელა: ან მოლაპარაკება ან ბირთვული დარტყმა
”ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება დასრულდეს ძალიან სწრაფად. ან თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც გააკეთეს ამერიკელებმა 1945 წელს, როდესაც მათ ბირთვული იარაღი გმოიყენეს და ორი იაპონური ქალაქი დაბომბეს. მართლაც, მაშინ სამხედრო კამპანია დასრულდა და ამან თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იხსნა“, აცხადებს ვიდეო მიმართვაში ყოფილი პრეზიდენტი.
მედვედევის განცხადება ზაპოროჟიის ატომურ ელექტრო სადგურზე განვითარებულ მოვლენებს დაემთხვა. უკრაინული მხარე რუს ოკუპანტებს ატომური ელექტრო სადგურზე დივერსიულ ქმედებებში ადანაშაულებს, რამაც შესაძლოა რეგიონში ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს.
დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ რუსული არმიის მოძველების შესახებ, დიმიტრი მედვედევმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ეს ტყუილია.
ამავდროულად, მან დაარწმუნა რუსები, რომ „თუ შეერთებული შტატები და მისი ვასალები“ შეწყვეტენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ომი სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ ეს შეიძლება რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს იარაღის მიწოდებას.
Discussion about this post