ევროკავშირის სახელმწიფოებმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება, იტყობინება რადიო თავისუფლება.
გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება 12 თებერვალს, ღამით გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.
ევროპელი მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელები პარიზში განიხილავდნენ უკრაინაში მიმდინარე ომს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მზად არიან გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა და მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული არიან.
საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელები იზიარებენ მიზანს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, სანამ მიღწეული არ იქნება სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა, რომლითაც გარანტირებული იქნება უკრაინის და მისი ევროპელი მოკავშირეების ინტერესები.
ევროპელი მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელები მოელიან შემდგომი გზების განხილვას ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად და აცხადებენ, რომ საერთო მიზანი უნდა იყოს უკრაინისთვის ძლიერი პოზიციების უზრუნველყოფა. განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.
განცხადების თანახმად, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება აუცილებელი პირობაა ძლიერი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოება კი საერთო პასუხისმგებლობაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად.
12 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში არარეალისტური მიზანია, ისევე, როგორც ნატოში უკრაინის გაწევრება.
ჰეგსეთი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაესწრო უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით 2022 წელს შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას, რომელსაც პირველად არ ხელმძღვანელობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნით, სხდომას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ უხელმძღვანელა.
Discussion about this post