29 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ მაშინ, როცა ევროპის ბევრმა ქვეყანამ სუვერენიტეტის შენარჩუნების სასარგებლოდ უარი თვეს რუსულ გაზზე, სლოვაკეთი საპირისიროდ იქცევა და მოსკოვის იციატივებს იზიარებს., წერს რადიო თავისუფლება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო „ძლიერი გადაწყვეტილება“, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროპაში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდას.
ზელენსკის თანახმად, სწორედ ეს, ევროპისთვის პარტნიორებისგან მეტი ენერგორესურსია საჭირო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, რადგან ამერიკული თხევადი აირისთვის ფულის გადახდაა საჭირო, ხოლო რუსული გაზის საფასური ფულის გარდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1 იანვრიდან შეწყდა ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი გაზის ტრანზიტი.
სლოვაკეთი ტრანზიტის აღდგენას მოითხოვს. 28 იანვარს პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მტერი უწოდა და კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებას.
ფიცოს განცხადებას 28 იანვარს, ღამით უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმად, სლოვაკეთის საზოგადოებაში ნდობის შემცირებისა და პრორუსული კურსის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების ფონზე ფიცომ მტრების ძებნა დაიწყო და უკრაინაში აღმოაჩინა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის „აბსურდულ განცხადებებს” უწოდა მისი წარუმატებელი პოლიტიკისთვის პასუხისმგებლობის უცხო ქვეყნებსა და ლიდერებზე გადატანის მცდელობა და ურჩია, ამის ნაცვლად „სარკეში ჩაიხედოს”.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი სლოვაკეთის პოპულისტ, სოციალისტ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ფიცო უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთად აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთისადმი და უკრაინის მხარდაჭერას.
სლოვაკეთში ფიცოს პოლიტიკის წინააღმდეგ ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლებია. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს სლოვაკეთის იზოლაციის გამომწვევ ანტიდასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან თანამშრომლობაში და აცხადებს, რომ არ დაუშვებს აღმოსავლეთისკენ ქვეყნის შეტრიალებას.
Discussion about this post