კლასიკური მუსიკის კალენდარს კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ შეემატა. ლეგენდარული ქართველი პიანისტების, დავით და ლექსო თორაძისადმი მიძღვნილ ფესტივალს „თორაძის ფონდმა“, „ფონდ ქართულ გალობასთან“ ერთად ჩაუყარა საფუძველი და საქართველოში პირველად, მაყურებელს უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი, კლასიკური მუსიკის დღესასწაული აჩუქა.
9 დღიანი პროგრამის განმავლობაში ღონისძიება მსოფლიო დონის ვირტუოზებს მასპინძლობდა. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ლეგენდარული მუსიკოსებისთვის და ცნობილი ქართველი შემსრულებლებისთვის მოესმინათ.
მუსიკალურ საღამოებში მონაწილეობა ისეთი საერთაშორისო დონის შემსრულებლებმა მიიღეს, როგორებიც არიან: გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ინსტრუმენტული შესრულებისთვის, მევიოლინე, მაქსიმ ვენგეროვი, ამერიკაში მოღვაწე ვირტუოზი პიანისტი, სერგეი ბაბაიანი, მევიოლინე რუსტამ საიტკულოვი და სხვები. ქართველი შემსრულებლებიდან კი მაყურებლის წინაშე წარდგნენ ვახტანგ კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ირმა სვანაძე, ანსამბლი „ბასიანი”, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე და სხვები. ფესტივალის ფარგლებში შესრულდა ბეთჰოვენის, პროკოფიევის, შუმანის, ბრამსის, ჩაიკოვსკის და სხვა ლეგენდარული მუსიკოსების ნაწარმოებები.
ქართული და საერთაშორისო კულტურის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი არანაკლებ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, როგორიც არის ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და მხარდაჭერა. ფესტივალის ფარგლებში სცენაზე წარდგნენ ახალგაზრდა შემსრულებლები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კი სტუდენტებისთვის ცნობილმა მუსიკოსებმა მასტერკლასები გამართეს. შედეგად, ფესტივალმა სტიპენდიანტი სტუდენტები გამოავლინა, ერთ-ერთმა მონაწილემ კი ცნობილი საერთაშორისი უნივერსიტეტისგან სამომავლო თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო.
თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა როგორც საზოგადოების, ისე საერთაშორისო მუსიკალური ექსპერტების მხრიდან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 2026 წლამდე უკვე სრულად გაწერილია შემდგომი საფესტივალო განრიგიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ღონისძიების ფორმატი მომავალ წლებში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.
რაც შეეხება ფესტივალის წარმდგენს, „ფონდი ქართული გალობა“ კომპანია „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ ეკუთვნის. ფონდი უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას უწევს პარტნიორობას, რადგან ხელოვნების სფეროს მხარდაჭერა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია მისი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
Discussion about this post