შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა “რეზოლუცია 923”, კანონპროექტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, იუწყება ამერიკის ხმა.
კანონპროექტი, საგარეო საქმეთა კომიტეტს 2021 წლის 8 თებერვალს, კონგრესმენებმა კონოლიმ და კინზინგერმა წარუდგინეს. კანონპროექტის მოკლე დასახელებაა: „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“.
კანონპროექტი სამი თავისგან შედგება. პირველი თავი დახმარების დებულებებს მოიცავს, მეორე -სანქციების დებულებებს და მესამე – საბიუჯეტო საკითხებს განსაზღვრავს.აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
დახმარების დებულებებში შედის, აშშ-საქართველოს უსაფრთხოებაში დახმარება, დემოკრატიის და მმართველობის საკითხებში, აშშ-ს საქართველოსადმი დახმარებაზე ანგარიში, კიბერ-უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს საქართველოსთან თანამშრომლობა და რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაში გაძლიერებული დახმარება.
სანქციების დებულებები ეხება იმ პირებზე სანქციების დაწესებას, რომლებიც ადამიანის უფლებებს სერიოზულად არღვევენ ან მასზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სიცოცხლის უფლებას რაც შეეხება.
კანონპროექტი ადგენს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ სასამართლოს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.
მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობას.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შუქზე, მხარს უჭერს საქართველოს უნარს, საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის შემდგომი აგრესიისგან ან საქართველოს ტერიტორიის ხელყოფისგან დაიცვას.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას. არ ცნობს ტერიტორიულ ცვლილებებს, რომელიც ძალის გამოყენებით მოხდა, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონოდ შეჭრას და ძალით ოკუპაციას. გმობს ამ რეგიონებში ადამიანების დაკავებებს, გატაცებებს, მკვლელობებს და სხვა უფლებადარღვევებს.
კანონპროექტში გაწერილია საქართველოსადმი უსაფრთხოების სფეროში დახმარების საკითხები და აღნიშნულია, რომ კონგრესის აზრით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს რესპუბლიკისადმი გაწეული დახმარების მოცულობა, რომელიც 1961 წლის უცხოური დახმარების კანონის მეხუთე თავის მეორე ნაწილს და იარაღის ექსპორტის კონტროლის კანონის 23 მუხლს ეფუძნება, უნდა გაიზარდოს.
უშუალოდ სამხედრო ძალების განმტკიცებაში დახმარებასთან ერთად, კონგრესს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია ასევე საქართველოსადმი კიბერ-უსაფრთხოების გაუმჯობესებაში დახმარება. საქართველოს სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის კომპიუტერული სისტემების მავნე პროგრამებისგან დაცვასთან ერთად, საქართველოს გაეწევა დახმარება, რათა რუსულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემებზე დამოკიდებულება შეამციროს.
წესების მიხედვით, კანონპროექტი ახლა სენატს გაეგზავნება და დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდება. პრეზიდენტის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა კი კანონპროექტს მოქმედ კანონად აქცევს.
Discussion about this post