რუსეთის ხელისუფლებას ქვეყანაში გადასახადების გაზრდა მოუწევს, თუ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი არ გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინის ოცნებას უკრაინის დაპყრობაზე რუსეთის მოქალაქეები და ბიზნესი დააფინანსებს. ამის შესახებ წერს Reuters.
რუსეთის ნავთობის მთავარი ბრენდი, Urals, 20%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში ევროპული ემბარგო და ფასის ზედა ზღვარი შევიდა ძალაში. ახლა რუსეთი ნავთობს ბარელზე საშუალოდ 50 დოლარად ყიდის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2023 წლის რუსეთის ბიუჯეტის გათვლა ბარელ ნავთობზე 70 დოლარის ფასს ეფუძნება.
ანალიტიკოსები რუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან შემოსავლების შემცირებას ვარაუდობენ. რუსული ეკონომიკისთვის ნეგატიურია ის ფაქტი რომ შემოსავლების შემცირება ხდება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის ფონზე. ის მეოთხედზე მეტით გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების აუცილებლობის გამო.
გასულ წელს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 3,3 ტრილიონი რუბლი შეადგინა (49 მილიარდი დოლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის 2,3%. რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით, მსგავსი ვითარება სავარაუდოდ 2023 წელსაც იქნება.
ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად, რუსეთმა დაახლოებით 100 დოლარად უნდა გაყიდოს ნავთობი. რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციების ზეწოლის გათვალისწინებით ეს შეუძლებელია, ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ხვრელის დახურვას მხოლოდ გადასახადების გაზრდით შეძლებს.
„საჭიროა გარკვეული ზომები ფისკალური პოლიტიკის კორექტირებისთვის, ან ხარჯების შემცირებით ან დამატებითი შემოსავლების მოძიებით“, – თქვა ნატალია ორლოვამ, რუსული ალფა ბანკის მთავარმა ეკონომისტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარჯების შემცირება ახლა უაზროა.
რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ალექსეი საზანოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში დღგ-ს, საშემოსავლო გადასახადისა შეცვლა არ იგეგმება, მაგრამ ეკონომიკის ცალკეულ სექტორებზე გადასახადები შესაძლოა გაიზარდოს.
„დაწვრილებითი, შინაარსიანი ანალიზი მაინც შესაძლებელს ხდის რესურსი ინდუსტრიების პოვნას, სადაც იქმნება მაღალი მარჟები და სადაც შესაძლებელია ფისკალური ტვირთის ზრდა კომპანიების საოპერაციო და საინვესტიციო საქმიანობის კომპრომეტირების გარეშე“, – თქვა მან.
უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღეს, რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ერთობლივი ქონება $46,6 მილიარდით შემცირდა. 2022 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა თითქმის 100 მილიარდ დოლარს მიაღწია.
2022 წლის ივნისის ბოლოს რუსეთი იძულებული გახდა ასი წლის განმავლობაში პირველად გამოეცხადებინა ტექნიკური დეფოლტი სუვერენულ ვალზე. ამან რუსეთს პრაქტიკულად წაართვა საზღვარგარეთ სესხის აღების შესაძლებლობა.
მთელი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესდა სხვადასხვა სანქციები, მათ შორის სექტორული. ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო ევროპული ემბარგო რუსული ნავთობის შესყიდვაზე და მასზე ფასის ზედა ჭერის დაწესება.
Discussion about this post