The FINANCIAL — ბორჯომის წყლის მწარმოებლის წილში შესვლით, საქართველოს მთავრობა, შესაძლოა რუს ოლიგარქს, სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება. მთავრობასთან გარიგებით, რუსი ოლიგარქი ფრიდმანი, კომპანიის უმსხვილეს მფლობელად რჩება.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. ეროვნულმა ბანკმა საქართველოში აკრედიტირებულ ბანკებს საერთაშორისო სანქციებში მოხვედრილ კომპანიებს საბანკო ოპერაციები შეუზღუდა, ხოლო რუსულ ბანკ ვი-თი-ბი-ს ლიცენზია შეუჩერა. აღნიშნული მიზეზით, IDS ბორჯომმა, რომლის ქარხანაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული წარმოება შეაჩერა.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.
წარმოების აღდგენის მიზნით, სანქცირებულმა მეპატრონემ „IDS BORJOMI International-მა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს“.
გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ ფრიდმანი საქართველოს მთავრობას მხოლოდ 7%-ს გადასცემს. რუს ოლიგარქს იმედი აქვს, რომ საკონტროლო პაკეტის აღნიშნული წილის გადაცემა მას სანქციებიდან დაძვრენის საშუალებას მისცემს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული წილი 100 მილიონი ღირებულებისაა.
„პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც უხეშად, რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. “,- განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნული ინფორმაცია ეჭვს იწვევს, რადგან თავად ფრიდმანმა პატარკაციშვილისგან, ბორჯომში მისი კუთვნილი წილი (60%) 300 მილიონ დოლარად შეიძინა.
კომპანიის აუდიტის მონაცემებით, რომელიც PriceWaterhouseCoopers LLC-მა წარმოადგინა, 2019 წლის დეკემბვრისთვის კომპანია 159 მილიონი დოლარის აქტივებს ფლობდა, 2019-შოი კი 19%-ით მეტს. აღნიშნულ წელს კომპანიის მოგება 17 მილიონი იყო.
რატომ არის ქართული ბორჯომი რუსული?
ისევე როგორც ბევრ სხვა სექტორში, რუსეთი ინარჩუნებს ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოს საკვანძო ბიზნესებში.
„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია”. “ბორჯომის” შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი”. ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფი”, 40%-ს კი – პატარკაციშვილების ოჯახი.
“IDS ბორჯომი საქართველოს” დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნაციონალურიო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ძმა, ივანე მაჭავარიანია, ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.
ფრიდმანი ბრიტანეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება. 2019 წელს, გამოცემა Buzzfeed-მაოლიგარქი 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევებში, რუსეთის დავალებით ჩარევაში დაადანაშაულა.
Discussion about this post