ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი აირჩიეს, კომისიის მდივნი ოპოზიციის კვოტით სოზარ სუბარი იქნება, წერს პუბლიკა
13 თებერვალს, კომისიის საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. სხოდმაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს, რა პრინციპით იმუშავებენ მომდევნო 3 თვე.
„ყველა მიმართულებით ყველა საქმეს ვერ გავწვდებით, მაგრამ იმდენად კი გავწვდებით, რომ კომისიის დასკვნაში ყველა მიმართულება იყოს – არის ეს ციხეების მიმართულება, სასამართლოს მიმართულება, სისხლის სამართლებრივი ბლოკი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება, საჯარო მოხელეების მიმართულება, ე.წ. ჩარეცხილები, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა თუ დევნა. ასევე არის არჩევნების მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თემა რატომღაც აღარ ისმის, როგორი არჩევნებით მოვიდნენ და როგორ არჩევნებს ატარებდნენ. რეჟიმის დასახასიათებლად ესეც შესასწავლი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, „რეჟიმის მსხვერპლებს“ უფლება ექნებათ, მოითხოვონ სხდომის დახურვა მათი პირადი ინფორმაციის დასაცავად ან რეტრავმირების თავიდან ასაცილებლად.
სხდომაზე ითქვა, რომ კომისია პირების გამოკითხვის პარალელურად დაეყრდნობა ენმ-ის ხელისუფლების პერიოდზე ქართული სასამართლოების და საერთაშორისო სასამართლოების განაჩენებს.
მათი შესწავლის საგანი იქნება მაშინდელი სახელმწიფო პირების ქონებებიც.
კომისის წევრების გადაწყვეტილებით, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ენმ-ის ხელისუფლების მიზეზით დაზარალდნენ და ამის მტკიცებულებები აქვთ, კომისიისთვის წერილობით მიმართვა შეეძლებათ.
წულუკიანის ინიციატივით, შესაძლებელია გამოითხოვონ საარქივო მასალები „სახალხო სასამართლოს“ ჩანაწერებიდან.
საუბარია 2009 წელს შექმნილ სახალხო სასამართლოს პროცესზე, რომელსაც ერქვა „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“. სახალხო სასამართლომ რამდენიმე საქმე განიხილა, მათ შორის, ვაზაგაშვილის და აფრასიძეების, თუმცა მათ განაჩენს იურიდიული ძალა არ ჰქონია.
დაიგეგმა რეგლამენტში ცვლილებები.
თეა წულუკიანის თქმით, რეგლამენტი თანამედროვეობას უნდა მოერგოს და შეიცვალოს სამუშაო გრაფიკის საკითხი, საგამოძიებო კომისიის წევრების უფლებამოსილება და ა.შ.
„თითოეულ წევრს უფრო მეტი უფლებამოსილებით აღჭურვა დასჭირდება. არის კიდევ სხვა ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხები, რათა რეგლამენტში ცვლილებები შევიდეს და სწრაფად მუშაობა შევძლოთ. სამუშაო მოცულობითია და პარლამენტის რეგლამენტი თანამედროვეობას იქნებ მეტად მოვარგოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამ ჯგუფის მთავარი მიზანი იქნება მომზადდეს დასკვნა, რომელიც ისტორიაში შტრიხებს შეიტანს.
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში არიან: „ქართული ოცნება“ – თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ფსევდოოპოზიციური „ხალხის ძალა“ – სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი;
ფსევდოოპოზიციური „ევროპელი სოცილისტები” – ილია ინჯია.
კომისიაში 2 ადგილი უფრაქციო დეპუტატებისთვის იყო გამოყოფილი, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტში დარჩენილი გიორგი გახარიას პარტია პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს.
დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის ვადით იქმნება, თუმცა შესაძლებელია მისი მუშაობის 6 თვემდე გახანგრძლივება.
„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.
რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
„ოცნების“ განცხადებით, კომისიის დასკვნაში აისახება რეკომენდაციები კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. ეს დასკვნა გადაეცემა პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს.
Discussion about this post