რადიო თავისუფელების ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული არსებული ხელშეკრულებები შეჩერდება თუ საფასურს რუბლში არ გადაიხდიან – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ უფასოდ არავინ არაფერს გვაძლევს, ჩვენ არ ვაპირებთ ქველმოქმედებას, ანუ მოქმედი ხელშეკრულებები შეჩერდება“,- განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას არამეგობრულ ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების წესების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გადახდის ახალ სისტემას.
ევროპის ლიდერები პუტინის გეგმას, „რუბლი გაზის სანაცვლოდ“, კონტრაქტის დარღვევად მიიჩნევენ და არ აპირებენ აჰყვნენ მოსკოვის შანტაჟს.
უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული დამანგრეველი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების შედეგად შესუსტებული რუბლის განსამტკიცებლად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი ამიერიდან აღარ მიიღებს თანხას დოლარსა და ევროში. ამ უცხოურ ვალუტას კრემლის ლიდერმა იმ ქვეყნების „კომპრომეტირებული ვალუტა“ უწოდა, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს.
რუსეთის მიერ ექსპორტირებულ ბუნებრივ აირზე მოდის ევროპაში მოხმარებული გაზის მთელი მოცულობის დაახლოებით 40 %, ხოლო რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტირებული ბუნებრივის აირის საფასური ყოველდღიურად 200-დან 800 მილიონამდე ევროს შეადგენდა.
„ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და კონტრაქტის აშკარა დარღვევა და ეს იქნება სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ჩვენ არ მივცემთ [რუსეთს] საშუალებას, რომ გვერდი აუაროს ჩვენ სანქციებს… წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც შანტაჟის მიზნით ენერგიის გამოყენება შეიძლებოდა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.
ამის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდეს.
Discussion about this post