რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი გარიცხულია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციიდან.
ეს გადაწყვეტილება ფინეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის ჟურნალისტური პროფკავშირების მოთხოვნის შემდეგ იქნა მიღებული, წერს ამერიკის ხმა.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) ოთხშაბათს, 22 თებერვალს განცხადა, რომ მან რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი (UJR) გარიცხა თავისი ორგანიზაციიდან. მიზეზად რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებში რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მიერ საკუთარი წრმომადგენლობების გახნა სახელდება.
„IFJ არის ორგანიზაცია, რომელიც აგებულია საერთაშორისო სოლიდარობაზე, ორგანიზაციაში გაერთიანებულ წევრებს შორის თანამშრომლობის პრინციპებზე და ყველა ჟურნალისტის უფლებების პატივისცემაზე. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ქმედებებმა, რომელმაც უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე ოთხი ფილიალი გახსნა ძლიერად შეარყია არსებული სოლიდარობა და კონფლიქტი გამოიწვია ჟურნალისტთა გაერთიანებებში“, – განაცხადა IFJ-ის პრეზიდენტმა დომინიკა პრადალიმ საგანგებოთ გაკეთებულ განცხადებაში.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და 146 ქვეყნიდან 600 000 ჟურნალისტის ინტერესებს წარმოადგენს.
იანვარში, ფინეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის ჟურნალისტური გაერთიანებები IFJ-ის პროტესტის ნიშნად ორგანიზაციის დატოვებით დაემუქრნენ. მათ IFJ-ის უმოქმედებაში დასდეს ბრალი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი საკუთარ ფილიალებს ხსნიდა.
დომინიკ პრადალიმ განაცხადა, რომ IFJ სამართლიანად მიიჩნევს სკანდინავიური ქვეყნების ჟურნალისტთა კავშირის კრიტიკას. მან ასევე თქვა, რომ IFJ სასწრაფოდ მოძებნის გზებს, რათა გააგრძელოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ ან დახმარება სჭირდებათ.
Discussion about this post