კრედიტუნარიანობის შეფასების სააგენტოს განცხადებით, რუსეთი საგარეო სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, დეფოლტთან, ძალიან ახლოსაა, რაც განპირობებულია უკრაინაში შეჭრით. იტყობიენბა რადიო თავისუფლება.
ეს პერსპექტივა აღვიძებს მოგონებებს მოსკოვის 1998 წლის დეფოლტის შესახებ, რომელმაც ხელი შეუწყო საფინანსო რყევებს მთელ მსოფლიოში.
დეფოლტის შესაძლებლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ, აღიარა, რომ რუსული დეფოლტი აღარ არის “წარმოუდგენელი მოვლენა”.
განვიხილოთ რუსეთის დეფოლტის შესაძლო შედეგები:
რატომ ლაპარაკობენ, რომ რუსეთი გადახდისუუნარო იქნება?
ოთხშაბათს რუსეთს უწევდა, პროცენტების სახით გადაეხადა 117 მილიონი დოლარი. საქმე ეხება ორ ვალს, რომლებიც დოლარებშია დასაბრუნებელი.
უკრაინის ომის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მკაცრი შეზღუდვები დააწესა რუსეთის ბანკებსა და მათ ფინანსურ ტრანზაქციებზე, და ასევე, გაყინა მთავრობის უცხოური ვალუტის მარაგების დიდი ნაწილი.
ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა, განაცხადა, რომ მთავრობამ გამოსცა მითითებები კუპონების დოლარებში გადახდის შესახებ, მაგრამ დასძინა, რომ თუ ბანკები ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ სანქციების გამო, გადახდა რუბლებით მოხდება. არსებობს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, სანამ რუსეთში დეფოლტი ოფიციალურად გამოცხადდება.
ასე რომ, რუსეთს აქვს გადასახდელი ფული, მაგრამ ამბობს, რომ არ შეუძლია სანქციების გამო, რომლებმაც შეზღუდა ბანკები და გაყინა მისი უცხოური სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი. თუმცა, ეს ნაბიჯი ასევე შეესაბამება უცხოური ვალუტის რეზერვების გადინების შეზღუდვის მცდელობებს, რომლებიც უფრო მწირი გახდა სანქციების გამო.
კრედიტუნარიანობის შეფასების ანუ რეიტინგის სააგენტოებმა დასწიეს რუსეთის საკრედიტო რეიტინგი საინვესტიციო დონეზე დაბლა, ანუ “უვარგისზე”. სააგენტო Fitch-მა განაცხადა, რომ მისი “C” რეიტინგი ნიშნავს, რომ “დეფოლტი ან დეფოლტის მსგავსი პროცესი დაიწყო”
იტომ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში? ამის გადაწყვეტა სასამართლოში შეიძლება”.
როგორ ირკვევა, დეფოლტის მდგომარეობაშია ქვეყანა თუ არა?
რეიტინგის სააგენტოებს შეუძლიათ დასწიონ რეიტინგი დეფოლტამდე, ან ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ობლიგაციის მფლობელებს, რომლებსაც აქვთ კრედიტის დეფოლტის ე.წ. სვოპები, ხელშეკრულებები, რომლებიც მოქმედებს როგორც სადაზღვევო პოლისები დეფოლტის წინააღმდეგ – შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ფირმის წარმომადგენელთა “გადაწყვეტილების კომისიას”, რათა მან გადაწყვიტოს, არის თუ გადაუხდელობა ოფიციალური დეფოლტი.
რა გავლენა ექნება რუსეთის დეფოლტს?
ინვესტიციის ანალიტიკოსები ფრთხილად აცხადებენ, რომ რუსეთის დეფოლტს არ ექნება ისეთი გავლენა მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებსა და ინსტიტუტებზე, როგორიც 1998 წლის დეფოლტს ჰქონდა. მაშინ რუსეთის დეფოლტი აზიის ფინანსურ კრიზისს დაემთხვა.
აშშ-ის მთავრობას მოუწია ჩარევა და აიძულა ბანკები, დახმარებოდნენ Long-Term Capital Management-ს, მაღალ რისკზე მომუშავე მსხვილ ამერიკულ ე.წ. ჰეჯ-ფონდს, რომლის დაშლა, როგორც შიშობდნენ, შეიძლებოდა დამუქრებოდა უფრო ფართო საფინანსო და საბანკო სისტემის სტაბილურობას.
თუმცა, ამჯერად “ძნელია წინასწარ 100%-ით თქმა, რადგან ყველა სუვერენული დეფოლტი განსხვავებულია და გლობალური შედეგები მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ის მოხდება”, – განაცხადა დანიელ ლენცმა, გერმანიის ფრანკფურტის DK Bank-ის ევროს სტრატეგიის ხელმძღვანელმა.
“ამის მიუხედავად, რუსეთის დეფოლტი აღარ იქნება დიდი მოულოდნელობა ბაზრისთვის მთლიანობაში … დიდი ძალის რყევების გამომწვევი ტალღები რომ იყოს მოსალოდნელი, ამას უკვე დავინახავდით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება სერიოზული პრობლემები მცირე სექტორებში”.
რუსეთის ფარგლებს გარეთ გავლენა შეიძლება შემცირდეს, რადგან უცხოელმა ინვესტორებმა და კომპანიებმა შეამცირეს ან თავი აარიდეს იქ გარიგებებს უფრო ადრინდელი სანქციების შემდეგ, რომლებიც აშშ-მა და ევროპის კავშირმა დაუწესეს [რუსეთს] 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის საპასუხოდ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, გეორგიევამ, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს დამანგრეველი შედეგები ადამიანების ტანჯვის თვალსაზრისით და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზემოქმედება ენერგიასა და სურსათზე ფასების გაზრდის კუთხით, დეფოლტი, თავისთავად, მთელი მსოფლიოს ბანკებისთვის რისკების თვალსაზრისით, “ნამდვილად არ იქნება სისტემისთვის მნიშვნელოვანი” .
ობლიგაციების მფლობელებმა, მაგალითად, ფონდებმა, რომლებიც განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებში ახდენენ ინვესტირებას – შესაძლოა, დიდი ზარალი განიცადონ. Moody-ს ამჟამინდელი რეიტინგი გულისხმობს, რომ დეფოლტის შემთხვევაში, კრედიტორები თავიანთი ინვესტიციების 35%-დან 65 %-მდე ზარალს უნდა მოელოდნენ.
Discussion about this post