რუსეთის სკოლებში სასწავლო ზარის ნაცვლად უკრაინასთან ომის მხარდაჭერისთვის შექმნილ სიმღერას ჩართავენ. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება. 23 თებერვლამდე, რუსეთის სკოლებში გაკვეთილები ოლეგ გაზმანოვისა და დენის მაიდანოვის სიმღერებით დაიწყება. 23 თებერვალს რუსეთში სამშობლოს მცველთა დღე აღინიშნება. ასევე, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი შესრულდება.
დოკუმენტებში, რომლებიც სიმღერების შერჩევას აღწერს, მომღერალ ოლეგ გაზმანოვის სიმღერა “ოფიცრები” დახასიათებულია, როგორც “ომის ბედის, მშვიდობის ფასისა და მოვალეობის სიღრმისეული და გამჭოლი გააზრება”, რომელიც არ ახდენს “ომის იდეალიზაციას” და წარმოაჩენს მის “მძიმე სიმართლეს”.
სიმღერა “დედასამშობლო”, რომელსაც ასრულებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საყვარელ ჯგუფად მიჩნეული, ომის მომხრე “ლიუბე”, ანოტაციაში “სამშობლოს სიყვარულის ჰიმნადაა” მოხსენიებული.
კომპოზიცია “ჩემი სახელმწიფოს დროშა” ეკუთვნის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, დენის მაიდანოვს, რომელსაც ომის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული. სკოლებში ამ სიმღერის ჩართვის მართებულობა ახსნილია იმით, რომ ეს კომპოზიცია “წარმოადგენს პატრიოტულ ნაწარმოებს, რომლის მთავარი იდეაა საკუთარი ქვეყნის ერთგულება და მისით სიამაყე, ასევე გამძლეობა რთულ დროში”.
პროექტი “მუსიკა ზარის ნაცვლად” რუსეთის სკოლებში 2024 წლის ნოემბრიდან მოქმედებს, მაგრამ, როგორც გამოცემა “აგენტსტვო” აღნიშნავს, ადრე სასწავლო დაწესებულებებში ძირითადად საბავშვო სიმღერებს რთავდნენ, საბჭოთა დროში შექმნილი კომპოზიციების ჩათვლით.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, უკრაინასთან ომის ფონზე რუსეთში გააქტიურდა სახელმწიფო პროპაგანდა ბავშვებს შორის. სკოლებში სასწავლო კვირა იწყება ჰიმნის შესრულებით და დროშის აღმართვით, შემოტანილია დამატებითი სავალდებულო სასწავლო საათები სახელად “საუბრები მნიშვნელოვანზე”. მის ფარგლებში ბავშვებს უყვებიან “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” – რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ასე მოიხსენიებს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს. შემუშავებულია საომარი წვრთნის დაწყებითი კურსი, შექმნილია ახალი პროსახელისუფლებო სტრუქტურა “პირველების მოძრაობა”, გააქტიურებულია სამხედრო-პატრიოტული გაერთიანებების მუშაობა. 2025 წლის დასაწყისში პუტინმა განათლების სამინისტროს დაავალა კლასგარეშე საკითხავი წიგნების ნუსხაში შეიტანონ “თანამედროვე ავტორების პატრიოტული ლიტერატურა”.
Discussion about this post