უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ სულ მცირე ათიათასობით უკრაინელი უკვე გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე და მის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამის შესახებ მან საბერძნეთის პარლამენტში ონლაინ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთმა დაიწყო უკრაინის სამხრეთიდან ხალხის დეპორტაცია. სულ მცირე ათიათასობით ჩვენი მოქალაქე უკვე გადაიყვანეს რუსეთის და მის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ესენი არიან მარიუპოლის და სხვა ქალაქების მაცხოვრებლები, რომლებიც რუსული ჯარის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მიერ ხალხის იძულებითი განსახლება.
“რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია დაუსჯელობაში, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ”, – მოუწოდა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა გადაარჩინონ ოდესა რომ ქალაქმა არ გაიზიაროს მარიუპოლის მსგავსი განადგურება.
“ჩვენ უნდა ვიპოვოთ რუსეთის მიერ დეპორტირებული ყველა ადამიანი. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მარიუპოლში მაინც ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
Discussion about this post