აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების ვერბალური დუელი იმართება მაშინ, როდესაც ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინის გარეშე იწყება. და თუ სწრაფად არ იმოქმედა, შეიძლება ქვეყანაც აღარ დარჩეს, ამბობს ტრამპი ზელენსკიზე, წერს რადიო თავისუფლება.
უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებაზე მიწვეული არ არის. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს; არალეგიტიმურ ლიდერად აქამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმირ პუტინი მიიჩნევდა და ამბობდა, რომ მასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტზე თქვა, რომ ის რუსეთის დეზინფორმაციის სივრცეშია მოქცეული. პასუხის პასუხად დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უწოდა „დიქტატორი” არჩევნების გარეშე.
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე რომელიც აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების საუდის არაბეთში გამართულ პირველ შეხვედრას ეხებოდა, ზელენსკიმ მკვეთრად გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაცია. მან, მძაფრად დაარტყა იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის უმსხვილეს მიმწოდებელ პარტნიორს.
„ვფიქრობ, რომ აშშ პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში, – თქვა ზელენსკიმ, – ამ ყველაფერს უკრაინაზე არავითარი დადებითი შედეგი არ აქვს”.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი ავრცელებს „ბევრ ინფორმაციას, რომელიც მოდის რუსეთიდან“.
კიევის გარდა ევროპული ქვეყნის დედაქალაქებში მკვეთრად იზრდება შეშფოთება ვაშინგტონისა და მოსკოვს შორის დაწყებულ მოლაარაკებებთან დაკავშირებით, სადაც კიევის მოსაზრებების გათვალისწინება დღის წესრიგში არ იდგა.
შეშფოთება გააღრმავა ტრამპის კომენტარმა, როცა მცდარად განაცხადა, ომი უკრაინამ დაიწყო, და ზელენსკი უკრაინელებს შორის ძალიან არაპოპულარულიაო. ტრამპმა იქვე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესახებ ისაუბრა.
ზელენსკის არჩევნებიდან 5 წელი 2024 წლის მაისში გავიდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო ახალი არჩევნები ვერ ტარდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ მძაფრი განცხადებები გაკეთა უკრაინის პრეზიდენტზე 19 თებერვალს, როცა მას „დიქტატორი“ უწოდა და თქვა, რომ ის სულ მალე უნდა დაეთანხმოს სამშვიდობო შეთანხმებას.
„დიქტატორი არჩევნების გარეშე, ზელენსკი, დროზე უნდა ამოქმედდეს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმა Truth-ზე.
რა უნდა ვიცოდეთ არა მხოლოდ ზელენსკის პრესკონფერენციაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვითარდებოდა მისი სამხედრო მეთაურობის პერიოდში ყველაზე რთული კვირა.
ზელენსკი: უკრაინას პირობებს თავს ვერ მოახვევენ
ზელენსკი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უნდა ჩაფრენილიყო 19 თებერვალს, ერთი დღეში მას მერე, რაც აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებას საფუძველი ჩაუყარონ. ეს იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაღალ დონეზე პირველი ოფიციალური მოლაპარაკება 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ.
მიუხედავად ევროპის ქვეყნების ლიდერების დარწმუნებისა და მოწოდებებისა, უზრუნველეყოთ მოლაპარაკებაში უკრაინის მონაწილეობა, უკრაინა აშკარად განზე დარჩა, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე.
ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების დასრულებიდან რამდენიმე საათში, 18 თებერვალს, ზელენსკიმ, რომელიც თურქეთში თავის ადრე დაგეგმილ ვიზიტს ასრულებდა, მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია და უკმაყოფილება.
„გადაწყვეტილება იმის შესახებ, როგორ დასრულდეს ომი უკრაინაში, არ შეიძლება უკრაინის გარეშე იქნეს მიღებული და ვერავითარ პირობებს მას თავს ვერ მოახვევენ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
„ჩვენ რუსეთ-ამერიკის ამ შეხვედრაზე, საუდის არაბეთში, არ მიგვიწვიეს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ვფიქრობ, ბევრი სხვისთვისაც“.
ტრამპი: არ უნდა დაგეწყოთ ომი, მორიგებოდით
აშშ-სა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის გარეშე ზელენსკისთვის ისე შემაშფოთებელი არ იყო, როგორც ტრამპის მხრიდან მწვავე კრიტიკა.
„დღეს გავიგე, „ოჰ, არ დაგვიპატიჟეს“. ისე, თქვენ სამი წელია იქ ხართ… ეს არ უნდა დაგეწყოთ, უნდა მორიგებოდით“, – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში ფლორიდაში.
„მათ სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ ადგილი მაგიდასთან“, – თქვა ტრამპმა, მას უკრაინა ჰქონდა მხედველობაში. „როცა წუხან იმაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხეს, მათ დიდი ხნის წინ შეეძლოთ მორიგება”.
„პიროვნულად ის მომწონს, – განაცხადა მან ზელენსკიზე, – მაგრამ ხელმძღვანელობამ დაუშვა ომის გაგრძელება“.
რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, როცა გაგზავნა ათიათასობით ჯარისკაცი, საზღვრის იქით თვეების განმავლობაში სამხედრო ძალების თავმოყრისა და უშუალოდ კიევისკენ მიმართული მუქარის შემდეგ. ამ მუქარებს შორის იყო ულტიმატუმები არმიის შემცირების შესახებ, ნეიტრალიტეტის დაცვისა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ძალების აღიარების შესახებ, რომლებმაც 2014 წელს ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება დონბასის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მოსკოვის მხრიდან პირდაპირი სამხედრო და სხვა მხარდაჭერით.
ბოლომდე ცხადი არ იყო, რომელ მოლაპარაკებებზე ან „მაგიდაზე“ საუბრობდა ტრამპი. კიევსა და მოსკოვს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა 2022 წლის თებერვლის შეჭრიდან პირველი რამდენიმე თვის შემდეგ. მოლაპარაკებების პირველი მცდელობის შედეგად დაიგეგმა პოტენციური შეთანხმების პროექტები, მაგრამ ისინი შეჩერდა აპრილის ბოლოს, როცა მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სადავო საკითხებზე მას შემდეგ, რაც ქალაქ ბუჩაში გამოვლინდა რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულები.
18 თებერვალს, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა ძალიან არაპოპულარულია და შესთავაზა, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს.
„ჩვენ გვაქვს ის ვითარება, რომ არ გვქონია არჩევნები უკრაინაში, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა… უკრაინაში, – თქვა ტრამპმა, – უკრაინის ლიდერს კი, მე არ მსიამოვნებს ამის თქმა, მხოლოდ 4 პროცენტი უჭერს მხარს”.
სინამდვილეში, ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ, რომელშიც შედარებული იყო შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატები, აჩვენა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა კვლავ ორნიშნა რიცხვით გამოისახებოდა, თუმცა ის ჩამორჩებოდა ვალერი ზალუჟნის, ყოფილ მთავარსარდალს, რომელიც ამჟამად ელჩია ბრიტანეთში, და კიდევ ორ სხვა საზოგადო მოღვაწეს.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებულმა ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზელენსკის ნდობის რეიტინგი 59 პროცენტამდე გაიზარდა, დეკემბრის 52 პროცენტთან შედარებით. ზელენსკიმ გამოიყენა თავისი პრესკონფერენცია კიევში და ტრამპი ომის მიზეზებსა და პირობებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციების ზუსტად გამეორებაში დაადანაშაულა.
„როცა ოთხ პროცენტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, ჩვენ გვესმის, რომ ეს რუსეთიდან მოდის“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ამ ციფრებზე ილაპარაკეს ამერიკასა და რუსეთს შორის შეხვედრაზე”, – თქვა ზელენსკიმ, თუმცა მან არ აღწერა ეს მტკიცებულებები. – „სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, მთელი პატივისცემით მის, როგორც ერის ლიდერის მიმართ, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ცხოვრობს ამ დეზინფორმაციის სივრცეში”.
უკრაინაში ახალი არჩევნების გამართვა რთული საკითხია. ქვეყანაში მართლაც არის საომარი მდგომარეობა, რომელიც ზელენსკიმ გამოაცხადა შეჭრის დაწყებიდან მალევე და მას შემდეგ არაერთხელ გახანგრძლივდა, რაც ხელს უშლის კენჭისყრის ჩატარებას. მეტიც, ომის დროს კენჭისყრისა და საარჩევნო უბნის ორგანიზების ლოგისტიკა – რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე – თითქმის შეუძლებელია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს საკითხი ზელენსკიზე დასარტყმელად გამოიყენა; ერ-რიადის მოლაპარაკებების წინა დღეს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ უკრაინის პრეზიდენტის „ლეგიტიმაცია“.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი კვლავ ერთობ პოპულარულია, მაშინ, როცა უკრაინელები ომის დროს ლიდერის ირგვლივ გაერთიანდნენ, უკრაინელები ასევე დაღლილები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში იმედგაცრუებულები მთავრობის გადაწყვეტილებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცოცხალი ძალა. ზოგიერთმა გამოჩენილმა პოლიტიკურმა ფიგურამ, მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, მიანიშნა, რომ ისინი შესაძლოა გამოწვევად იქცნენ ზელენსკისთვის, თუ არჩევნები ჩატარდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის კომენტარები ზუსტად იმეორებს რუსეთის ნათქვამებს. „ვისურვებდი, პრეზიდენტ ტრამპის გუნდს მეტი სიმართლე ჰქონდეს“, – თქვა ზელენსკიმ.
კელოგი ქალაქში
ზელენსკის პრესკონფერენცია 19 თებერვალს შედგა ოდნავ უფრო ადრე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი უკრაინაში, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, კით კელოგი შეხვდებოდა მას.
კელოგი ერ-რიადის მოლაპარაკებაში არ მონაწილეობდა. არ არის ცხადი, რა ადგილი ექნება მას ტრამპის დელეგაციაში, როცა მოლაპარაკება გაგრძელდება. თუმცა, კელოგი, ხანგამოშვებით მძაფრ მოსაზრებებს გამოხატავდა მოსკოვის მიმართ.
კიევში ჩასვლისას, რკინიგზის სადგურში თქვა, რომ მისი ვიზიტი, ეს არის „შანსი, გაიმართოს კარგი, შინაარსიანი მოლაპარაკება“. კელოგი ამბობს, რომ გვესმის „უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა“.
„ჩვენთვის სრულიად ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და მისი დამოუკიდებლობა, – თქვა მან, – ჩემი მისიის ნაწილი ისაა, რომ ვიჯდე და მოვუსმინო“.
Discussion about this post