აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს, უარი თქვას მსოფლიოს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე და ზოგიერთ მათგანს დამატებითი გადასახადითაც ემუქრება, წერს, რადიო კომერსანტი.
7 აპრილს ჟურნალისტებმა პრეზიდენტს თეთრ სახლში ჰკითხეს, ხომ არ განიხილავს ტარიფების ამოქმედების დაპაუზებას. დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამას არ განიხილავენ. ამასთან, განაცხადა, რომ ბევრ ქვეყანას ტარიფებზე მოლაპარაკება სურს და შედეგი სამართლიანი გარიგებები უნდა იყოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა არასაკმარისი უწოდა ევროკავშირის შეთავაზებას, რომ მხარეებმა სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადები გააუქმონ. ტრამპის განცხადებით, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს აშშ-დან ენერგომატარებლების იმპორტი და იმ რაოდენობით უნდა შეიძინოს, რაც აღმოფხვრის სავაჭრო ბალანსის დეფიციტს.
დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ევროკავშირი აშშ-ს ცუდად ექცევა, რადგან მისგან პრაქტიკულად არაფერს ყიდულობს.
7 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მზად არიან აშშ-თან კარგი შეთანხმებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვანი ტარიფები შესთავაზა. ბრიუსელს ვაშინგტონთან სავაჭრო დავის მოლაპარაკებებით მოგვარება სურს, თუმცა ამზადებს საპასუხო ტარიფებსაც, რომელთა ამოქმედებას აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად აპირებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მარტში 25%-იანი გადასახადი დააწესა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე, 2 აპრილს კი გამოაცხადა, რომ 20%-იანი ტარიფი იქნება თითქმის ყველა სხვა საქონელზეც.
7 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ჩინეთი საპასუხოდ აამოქმედებს 34%-იან ტარიფს, ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელს კიდევ 50%-ით დაბეგრავს.
ასეთ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი 104%-მდე გაიზრდება.
დღეს, 8 აპრილს, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ აპირებენ შეეგუონ შეერთებული შტატების მხრიდან მზარდ ზეწოლას და შანტაჟს. პეკინის თანახმად, თუ აშშ პოზიციას არ შეცვლის, მას წინააღმდეგობას ბოლომდე გაუწევენ.
ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი კონტრზომებს მიმართავს თავისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად და საერთაშორისო ვაჭრობაში წესრიგის შესანარჩუნებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს უწესებს საპასუხო საბაჟო გადასახადებს. მინიმალური ტარიფი 10%-ია, მაქსიმალური კი 50%-ს უახლოვდება.
ტრამპი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია ევროპის, აზიისა და თავად ამერიკის საფონდო ბირჟებზე.
Discussion about this post