აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, კერძოდ კი რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმებით უკრაინულ ქალაქებზე, წერს ტაბულა
ამასთან დაკავშირებით ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ილაპარაკა.
“მე არ მომწონს სიტუაცია დაბომბვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, ისინი [რუსები] გიჟებივით ბომბავენ [უკრაინას] ამ წამს” – თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მან “არ იცის იქ რა ხდება, მაგრამ სიტუაცია ძალიან ცუდია”.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტის შესაძლო მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან აწარმოებს.
“და ჩვენ თითქოს ვუახლოვდებით მშვიდობიან დარეგულირებას, მაგრამ მე ძალიან უკმაყოფილო ვარ იმ დაბომბვებით, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს საშინელებაა” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
7 აპრილის საღამოს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე Искандер-М ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 46 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის შაჰედის ტიპის დრონით მიიტანეს იერიში. 46 დრონიდან 40-მა მიზანს ვერ მიაღწია.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის სამხედრო ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 31 რუსული დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები.
არსებული მონაცემებით, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა კურსკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუშვა, ხოლო დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან.
Discussion about this post