უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან, 2022 წლის 4 მაისის ჩათვლით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარიატს უკრაინაში დაფიქსირებული აქვს 3280 სამოქალაქო პირის დაღუპვის და 3451-ის დაჭრის ფაქტი, იუწყება რადიო თავისუფლება.
დაღუპულია 1183 კაცი, 749 ქალი, 72 გოგო და 86 ბიჭი. კიდევ 73 ბავშვის და 1117 ზრდასრული ადამიანის გვამები ნაპოვნია ისეთ მდგომარეობაში, რომ მათი სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ შეძლეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი 5 მაისს განახლებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პირების სიკვდილის და დაჭრის შემთხვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით მოცვის ფართო ზონებში, მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ტერიტორიების დაცხრილვით და სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით.
ანგარიშის თანახმად, დაღუპული და დაჭრილი სამოქალაქო პირების რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მოპოვება ვერ ხდება ისეთი რაიონებიდან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მათ შორის დასახელებულია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ლუგანსკის ოლქის ქალაქი პოპასნაია.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.
Discussion about this post