ორშაბათს, რუსეთის ორ აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები გამოწვეული იყო უკრაინიდან გაშვებული დრონების და სპეც სამსახურების გამოყენებით. ამის შესახებ The New York Times-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. უკრაინელი ჩინოსანი ამერიკულ მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.
NYT წყაროს ცნობით, ორშაბათს, ორ რუსულ სამხედრო ბაზაზე – ენგელსისა და დიაგილევის აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინამ უპილოტო დრონები გამოიყენა. უპილოტო კამიკაძე დრონები, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინამ საკუთარი წარმოების დრონების გამოცდა დაიწყო. უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კამიკაძე დრონებს ათას კილომეტრზე მდებარე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. ნიშანდობლივია ის ფაქტი რომ ორივე აეროდრომი ათასი კილომეტრის რადიუსის ზონაშია. უკრაინული დრონების მოქმედების ზონაში შედის რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიც.
5 დეკემბერს, დილით, რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საწვავის სატვირთო მანქანა აფეთქდა რუსეთის რიაზანის მახლობლად მდებარე აეროდრომზე ხოლო სარატოვის რეგიონში მდებარე აეროდრომზე კამიკაძე დრონმა დააზიანა რუსული სტრატეგიული ავიამზიდი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ენგელსისა და რიაზანის რუსულ აეროდრომებზე მომხდარ აფეთქებებს ოფიციალურად გამოეხმაურა. მათი თქმით, დარტყმები “კიევის რეჟიმმა” მიაყენა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ხდება აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, „აგრესორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“.
Discussion about this post